Archive for the ‘ადამიანი’ Tag

დავივიწყოთ სექსი და კოცნა!!!!!

დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ცუდი ადამიანი ვარ. დიახ მეგობრებო, ჟურნალმა “სარკემ” დამარწმუნა ჩემი პიროვნების ამორალურობასა და სიბილწეში.  მივხვდი რომ ძალიან შორს შევტოპე და დროა დავამუხრუჭო.

“შეყვარებული კოცნის გამო დავკარგე”  ამ წერილის შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ჩემთვის ნათელია, რომ ქართველი გოგო არაა მზად ქორწილამდე კოცნისთვის, სექსისთვის ან თუნდაც ნარდში შაში ჩარის გაგორებისთვის. ქართველი გოგო კდემამოსილი და უმწიკვლო უნდა იყოს, არ უნდა სცხვენოდეს თავისი საქციელის და არაფერი არ უნდა დააძალო. არც ქორწინებამდე ურთიერთობისას და არც შემდეგ. შეყვარებული გოგო მზადაა სატრფოსთვის მრავალი სიგიჟე ჩაიდინოს : აკოცოს, გაზის ბალონი დატენოს, ნისიად “ზეიკიძის” ძეხვი აიღოს ან საერთოდ ოთხი ნომერი კენტი უყიდოს ტურფას. ეს მამაკაცების ბრალია, გვიყვარს როდესაც გოგო ჩვენი გულისთვის დათმობებზე მიდის, ექსტრემალურ სიტუაციებში უწევს ყოფნა ან რაიმე არაადამიანურს აკეთებს. ბოჰემურ ცხოვრებას მიჩვეული ყმაწვილები ვგიჟდებით გოგოსთან ერთად მეტრო “თავისუფლებიდან” “რუსთაველის” მეტრომდე გზის ტკეპვნას, მთელი ღამე მესიჯობასა და ადნაკლასნიკებზე საჩუქრების ჩუქებაზე.

სამწუხაროდ ეჭვები მკლავს და მიწას მითხრის იმაზე ფიქრში, რომ გოგომ რომელმაც მე მაკოცა შეიძლება სხვასაც აკოცოს. შეიძლება სხვასაც დაუწეროს 5–იანი ან ათხოვოს თავისი ქსეროქსები უნივერსიტეტში. მაგიჟებს იმაზე ფიქრი რომ არ მაქვს იმის გარანტია, ჩემი მომავალი მეუღლე, ჩემამდე ტუჩშეუბილწველი იქნება, არ მაქვს იმის გარანტია რომ მას ჩემსავით ეყვარება კენგურუ ჯეკი ან შარლ აზნაურის პროფილი, თუნდაც ტერენტის ლექსები ან ჰიჩკოკის ფილმები.

მე ვიწყებ ახალ მოძრაობას და გთხოვთ ყველას შემომიერთდეთ– ქართველი გოგო კოცნის გარეშე. მოდით მეგობრებო ქორწინებამდე სიწმინდეები შევინახოთ. მთავარი ხომ უბრალოდ ურთიერთობაა, სულიერთი თან. ნუ ვეამბორებით ერთმანეთს, უკეთესია ჯოკერი ვითამაშოთ, სეფისკვერები ვჭამოთ და კიმ კარდაშიანის პორნოებს ვუყუროთ.

Advertisements