Archive for the ‘კინოთეატრი’ Tag

2012 და მომავალი

რონალდ ემერიხს რომ დედამიწა ეზიზღებოდა ჯერ კიდევ 1992 წელს გახდა ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი. 90–იანების დასაწყისში ემერიხმა გააკეთა ის რასაც არცერთი კაცთმოყვარე არ იზამდა, დოლფ ლუნდგრენი და ჟან კლოდ ვანდამი ათამაშა ერთად, ერთ ფილმში სახელად Universal Soldier. ფილმის წარმატებით შეგულიანებულმა რეჟისორმა უნივერსალური მეთოდი შეიმუშავა სამყაროს ზიზღის ეკრანზე გადმოსატანად, ჯერ იყო Independence Day. ფილმი ჰიტად იქცა, ემერიხმა უცხოპლანეტელებს დედამიწა მიწასთან გაასწორებინა, უილ სმიტი პოპულარული გახადა და საშუალო სტატისტიკური ა.შ.შ–ის მოქალაქეს დააფიქრა ისეთ ზოგად საკაცობრიო საკითხზე როგორიცაა უცხოპლანეტელებისადმი ლიბერალური დამოკიდებულება. ორიოდ წლის შემდეგ როლანდ ემერიხის ახალი პროექტი, იაპონური ფილმის რიმეიკი Godzilla გამოვიდა. ამჯერად გიგანტური რეპტილია შეეჭიდა სამყაროს განადგურების საქმეს, თუმცა მისი ცდა კრახით დამთავრდა. XXI საუკუნეში გერმანელი რეჟისორის ფილმები გაცილებით მასშტაბური გახდა. 2004 წელს The Day After Tomorrow–ს პრემიერა შედგა. ფილმი 2012–ის ერთგვარი პრელუდია გამოდგა, თითქმის ანალოგიური სიუჟეტის მქონე ფილმი, განსხვავება ისაა რომ იქ ჯეიკ გილენჰაალის პერსონაჟი არის მთავარ როლში 2012–ში კი ჯონ კიუსაკი ჩაუქობს.

ბოლო 2–3 წელია მაიას ტომის წინასწარმეტყველება რომლის მიხედვითაც დედამიწა 2012 წლის 31 დეკემბერს განადგურდება სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. არაერთი დოკუმენტური ფილმი მიეძღვნა ამ ისტორიას და გასაკვირი არ არის ემერიხმა, რომ ფილმის გადაღება განიძრახა, ფულის სუნი ასდიოდა ამ პროექტს რომელიც ჩანასახშივი ერთობ პროვოკაციული იყო. ფილმის ბიუჯეტი 200 მილიონია, მარკეტინგმა და პიარმაც კარგად იმუშავა, შედეგმაც არ დააყოვნა გაქირავებაში ჩაშვებიდან ორი კვირის შემდეგ ფილმს 458 მილიონი ა.შ.შ დოლარი აქვს მოტანილი კინოკომპანია სონი/ქალამბიასთვის.

ფილმის ფაბულა საკმაოდ მარტივია – “შეაშინე და იბატონე მაყურებელზე”. ნამუშევრის სიუჟეტი რბილად რომ ვთქვათ ისეთივე სუსტია როგორიც ემერიხის ძველი გლობალურ კატაკლიზმებთან დაკავშირებული ფილმებისა. კინოთეატრში პირველი ნახევარი საათი შეგიძლიათ დაიძინოთ, თოჯინას კაბა შეუკეროთ, ვარდის უეკლოდ დაკრეფა სცადოთ, ტარიელ ჭანტურიას ლექსები თარგმნოთ სპარსულ ენაზე რადგან ეკრანზე არაფერი საინტერესო არ ხდება. ამ დროის გასვლის შემდეგ ემერიხი ტემპს იღებს, ნელ–ნელა იწყებს დედამიწის მიწასთან გასწორებას.  2009 წელს პროფესორი ადრიან ჰელმსლი იგებს, რომ დედამიწას განადგურება ემუქრება, დიდი რვიანის ქვეყნები იწყებენ საიდუმლო გეგმის განხორციელებას, რომლის მიხედვითაც 2012 წლის აპოკალიფსისას მხოლოდ “რჩეულნი”გადარჩებიან. ფილმის მთავარი პერსონაჟი ჯექსონ კერტისია(ჯონ კიუსაკი), რომელიც ცოლს(ამანდა პიტს) გაშორებულია და ბავშვებთან ერთად უიქენდზე ლაშქრობაში წავა, სწორედ ამ ლაშქრობისას გაიცნობს ის ვუდი ჰარელსონის პერსონაჟს რომელიც მას საიდუმლოს გაანდობს იმის თაობაზე, რომ დიდი რვიანის სახელმწიფოები ხომალდებს აგებენ აპოკალიფსისაგან გადასარჩენად. ჯექსონთან ერთად ფილმში რამდენიმე მნიშვნელოვანი პერსონაჟია ადრიან ჰელმსლი(ჩიუითელ ეჯიოფორი), იური და პრეზიდენტი ტომას უილსონი(დენი გლოვერი). პერსონაჟები ძალიან ბევრია, საკუთარი ხაზის განვითარება კი არცერთს არ აქვს საინტერესო. 150 წუთი ისე უყურებ ფილმს, რომ გული არავისზე შეგტკივა, არავინ გიყვარდება ან გეზიზღება.

თბილისის კინოთეატრებში ფილმის შუაში ანტრაქტია. მიზეზად ფილმის ქრონომეტრაჟია მოყვანილი. არადა ამაზე გაცილებით დიდი ფილმები მინახავს კინოში ყოველგავრი შესვენების გარეშე(მაგ:King-Kong, LOTR III). უბრალოდ დამფრთხალი და შეშინებული ქართველი ერი, რატომღაც პოპკორნსა და გამაგრილებელ სასმელს ეძალება და კინოთეატრები საკმაოდ კარგ მოგებას ნახულობენ ამ შესვენებებზე. ანტრაქტისას ხალხს ისეთი დაზაფრული სახე ჰქონდა წამით დავეჭვდი, იქნებ მე არ ვაქცევდი ყურადღებას ბუნების “გაფთხილებებს” და აპოკალიფსი მართლა გვიახლოვდება. ხალხი სიგარეტს ჭამდა და ბატი–ბუტს ეწეოდა შიშით, თან აუჰ რა გვეშველება ისმოდა ხშირ–ხშირად. კიდევ კარგი შესვენება მალე დასრულდა, თორემ ვგონებ მეორედ მოსვლას ვერც მოვესწრებოდი და იქვე გავფშეკდი ფეხებს ამდენი უაზრო სახეების ყურებით.

CGI(კომპიუტერული ანიმაცია/სპეცეფექტები) უკეთესის სურვილს ტოვებს, რიგ ეპიზოდებში რეალურობა აკლია მოვლენებს რაც რათქმაუნდა დაღს ასვამს ნამუშევარს. სცენარი რაც უფრო ბოლოსკენ მიდის სულ უფრო სასაცილო და აბსურდული ხდება. ფილმში განვითარებული მოვლენების დაჯერება, ისეთივე ძნელია როგორიც უგო ჩავესის შეყვარება, ბრუნეის დედაქალაქის სახელის დაზეპირება ან პეკინზე პიკის საათებში მანქანით გავლა. ფილმი სუსტია, ძალიან სუსტი. მისი წარმატება დიდწილად განპირობებულია პიარის, დედამიწის განადგურებისა და მეორედ მოსვლის შიშისდაგამო. არც კი ვიცი რომელი ჯობია დედამიწა განადგურდეს თუ მეორედ მოსვლის გჯეროდეს და გეშინოდეს ადამიანს.

ბოლოს მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე მიზეზი თუ რატომ არ განადგურდება დედამიწა 2012 წელს.

* 2014 წელს ემერიხი ამ ფილმის გაგარძელება გადაიღებს

* 2013 წლის იანვარში საქართველო ახალ პრეზიდენტს აირჩევს

* 2013 წლის მარტში მრავალათასიანი აქციები მოეწყობა რიყეზე ლოზუნგით “გადადექი, გადადექი”

* 2013 წლის მაისში 4 წლით უცნობი კვლავ დაბრუნდება საკან N5–ში

* 2015 წელს მარკესი მართლა დაწერს თავის უკანასკნელ სიტყვებს

* 2016 წელს საქართველოს ნატო დაუწერს 5+ით “ადნაკლასნიკებზე”

* 2017 წლის 23 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი აწყობს “ფეისბუქის” რევოლუციას და ქვეყნის პრეზიდენტი ხდება *2017 წლის 24 ნოემბერს შალვა ნათელაშვილის ფეთი “ფეთ სოსაიეთიში” პრეზიდენტი გახდება

* 2021 წელს დიდგორის 900 წლისთავზე მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვა და იტყვის:”დღეს როგორც არასდროს ქართველებს ერთად დგომა გვჭირდება”

2025 წელს კუბის პრეზიდენტი გახდება ნუგზარ კასტრო.

*2026 წელს ჯონდი ბაღათურია მოითხოვს “ფლეიბოის” ხულოს ფილიალის დახურვას

* 2027 წელს ჯონდი ბაღათურია მოითხოვს “ფლეიბოის” ხულოს ფილიალის დახურვას

* 2047 წელს ფეხბურთი როგორც სპორტის სახეობა გაუქმდება

* 2051 წელს თბილისის დინამო ფეხბურთის ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა გავიდეს

*2112 წელს საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს : აფხაზეთს, სამაჩაბლოს, საინგილოს, ნიკოფსიას, დარუბანდს, ვირჯინიის შტატს, ფილიპინებს, ურალის ქედსა და ხონსიუ, ხოკაიდოს უდიდეს ნაწილს.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

საქართველო(ს) “გაღმა” ნაპირზე

თედო 12 წლის ბიჭია. აფხაზეთიდანაა დევნილი. თბილისში დედასთან ერთად ცხოვრობს, რომელიც თავს სხეულის ვაჭრობით ირჩენს. თედოს მამას აფხაზეთში დარჩა ომის დროს. ბიჭი თავს ვულკანიზაციაში მუშაობით ირჩენს და შიგადაშიგ ხულიგნობასაც არ თაკილობს. წუპაკი და გოშკა მისი მეგობრები არიან.

გიორგი ოვაშვილმა ქართველებისთვის მძიმე თემას, აფხაზეთის ომს მოკიდა ხელი. სასიამოვნო ფაქტია როდესაც გამოდის მშობლიური პროდუქცია კინოთეატრებში და ნარკომანიის პრობლემებზე არ გიწევს ფილმის ყურება, არადა ბოლო წლებში ერთგვარ სტანდარტად იქცა წამლის მომხმარებელთა მთავარ პერსონაჟებად წარმოჩენა. ფილმში მთავარ როლს თედო ბექაური თამაშობს(ფილმშიც თედო ჰქვია), ეს სრულიად უცნობი ბავშვი თავის როლს ბრწყინვალედ ართმევს თავს და ნამუშევრის ღირსეული პროტაგონისტია.

თედო გადაწყვეტს მამის საძებნელად აფხაზეთში, ტყვარჩელში წავიდეს. რეჟისორი ცდილობს 90–იანი წლები მთელი თავისი “მშვენიერებით” გადმოსცეს მაყურებელს. ძარცვა, მანქანების გაქურდვა და აფხაზეტში გადაყვანა, განუკითხაობა საზღვარზე აფხაზეთში და ა.შ. ოღონდ ამას ისე აკეთებს, რომ ფილმის მთვარი იდეა არ დაიკარგოს.

მსახიობების თამაში ისევე როგორც სხვა თანამედროვე ქართულ ფილმებში, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ან ზედმეტად ხელოვნურია ყველაფერი, ან უბრალოდ ზღვარსგადასული პათოსითაა გამსჭვალული მსახიობის საუბარი. სამწუხაროდ მსახიობები ვერ გრძნობენ სად გადის ზღვარი კინოსა და თეატრს შორის. თუმცა არის რამდენიმე პერსონაჟი რომელიც ნამდვილად დასამახსოვრებელია ფილმში – ბერდია ინწკირველი(დაური) და თამარ მესხი(მარიამი) მათთვის გამოყოფილ მცირე ქრონომეტრაჟს მშვენივრად იყენებენ და დასამახსოვრებელ სახეებს ქმნიან.  რეჟისორიც რამდენიმე შეცდომას უშვებს, როდესაც რუსი დევნილის როლზე ამტკიცებს ბიჭს რომელიც მიშა ქარელსაც ვერ აჯობებს სლავური ენის ცოდნაში, ფილმს იწყებს ძალიან მძიმედ, გრძელი და მონოტორული კადრებით.

რეჟისორს რადიკალური პოზიცია არ აქვს არჩეული კონფლიქტის წარმოჩენისას. აფხაზები “ცუდი როჟები” არ არიან და არც სიკეთისა და სიყვარულის განსხეულებას წარმოადგენენ პირიქით დავარისა და ზიტას პერსონაჟებისადმი ყველაზე ცოტა სიბრალურის გრძნობა გაგიჩნდება ადამიანს.

ფილმს ტექნიკური წუნი აქვს. ფერები ხშირად ირევა ხოლმე, სუბტიტრებშ ხშირია გრამატიკული შეცდომები. ასეთი რამე მხატვრულ ფილმში არ უნდა ხდებოდეს, შენ–ის მაგივრად ბენ არ უნდა იწერებოდეს ეკრანზე.

სიუჟეტის მთავარი ხაზი კი თედოს ბილიკებს მიუყვება, თედო სიმბოლოა მთლიანად საქართველოსი. საქართველოც თვალებს ხუჭავს როცა უჭირს და ოცნებობს გამოსავალი თავად მოადგეს კარს, თედოსთან ერთად საქართველოა ის ქვეყანა რომელიც სხვის დაკრულზე გამალებით როკავს, გურჯისტანი მამის ძიებაშია, იმ პიროვნების რომელსაც არც კი იცნობს, მაგრამ იმედი აქვს, რომ შეიფარებს ,იმ სითბოსა და სიყვარულს აჩუქებს რომელიც სიძვა დედამ მოაკლო.

ფილმს საინტერესო ფინალი აქვს. დაუკმაყოფილებლობის გრძნობას ტოვებს, თითქოს არ სრულდება, ისევე როგორც საქართველოსა და აფხაზეთის პრობლემა არ დასრულებულა. ფილმის სათაურიც ზუსტად რომ 10–იანში მოარტყა რეჟისორმა. “გაღმა ნაპირს” ვეძახით აფხაზეთს და ამით ყველაფერია ნათქვამი. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია რელიქტებიღაა დარჩენილი იმ ურთიერთობისაგან რომელიც ოდესღაც აფხაზებთან გვქონდა, არადა გაუცხოება ეს კიდევ ერთი ნაბიჯია უკან სამეგრელოში. იქ სადაც შეიძლება საქართველოს საზღვარი გავიდეს, არა დეფაქტო სახელმწიფოსთან არამედ, ოფიციალურად აღიარებულ აფხაზეთთან.

 

 

 

 

 

არ იქნება ურიგო თუ კინოთეატრში ნახავთ, თვითონ შეაფასებთ ფილმს. გადასარევი ნამუშევარი არ არის, თუმცა ბოლო წლების ერთ–ერთი საუკეტესო ქართული ფილმია უდაოდ.

6/10

 

 

 

 

კინო შემოდგომა

სექტემბრის თვე ჰოლივუდში წლის ყველაზე “ცუდი” ფილმების გამოსვლით არის ცნობილი. შემოდგომის თვის პირველ სამ კვირას ა.შ.შ-სა და კანადაში კინოთეატრში ძალიან ცოტა ხალხი დადის(ყველაზე ნაკლები ბილეთი იყიდება) და შესაბამისად მაგ დროს ყველაზე ცუდი ფილმები გამოდის. კინო რომელსაც არც ხარისხზე აქვს პრეტენზია, არც ბლოკბასტერობაზე და არც ოსკარზე(ნუ გამონაკლისებიც არსებობს). ოქტომბრის დასაწყისიდან ნელ-ნელა გამოსვლას იწყებს ოქროს გლობუსისა და ოსკარის პოტენციური ნომინანტი ფილმები, ნოემბერსა და დეკემბერში მთლიანად ივსება ნომინანტა სია და თებერვლამდე ოსკარის მოლოდინშია მაყურებელი.

ამ პოსტში წარმოგიდგენთ შემოდგომის სეზონის (დეკემბერსაც აქეთ ჩავთვლი) ფილმებს. იმ ნამუშევრებს რომლებიც ჩემი აზრით ღირებული იქნება კინოში თუ არა, სახლში, DVD ხარისხით ნახო.

პოსტს ორ ნაწილად გავყოფ რომ ძალიან დიდი და დამღლელი არ გამოვიდეს. დღეს სექტემბერ-ოქტომბერს წარმოგიდგენთ, ხვალ კი ნოემბერ-დეკემბრის თვეების ფავორიტებს გაგაცნობთ.

სექტემბერი :

Gamer  (SEPTEMBER 4th)

ფილმი ტრეილერიდანვე ჩანს რომ ინტელექტუალური კინოს მოყვარულებს ვერ გაახარებს, ასეთი ფილმები კრიტიკოსებისაგან მუდამ დაბალ შეფასებებს იღებენ და თუ გავითვალისწინებთ ფილმების სიუჟეტსა და დიალოგებს არცაა დიდად გასაკვირი. თუმცა action-ის მოყვარულებს წესით კარგი სანახაობა ელით. სროლები ბლომად იქნება ფილმში და სისხლიც არ მოაკლდება თვალს. მე ძალიან მაინტერესებს მაიკლ სი. ჰოლის თამაში. ეს მსახიობი Six feet Under-იდან და Dexter-იდან ვიცი და მომწონს ძალიან. ნიჭიერი ჭაბუკია და სერიალებიდან კინოში თუ გადმოვა არ იქნება ცუდი.

9( SEPTEMBER 9th)

2006 წლის 06 თვესა და  06 რიცხვში ფილმი Omen გამოვიდა რომელიც ალბათ უფრო იმიტომ გაიქაჩა კინოგაქირაქვებაში, რომ ასეთ სიმბოლურ თარიღს დაამთხვიეს მისი გამოსვლა. წელს დაახლოებით იგივე ხდება 09.09.09-ში შეინ ექერის მულტფილმი 9 გამოდის. ამ ანიმაციის ნახვის სურვილი ერთი-ორად გამიძიერდა რაც გავიგე, რომ მისი ერთ-ერთი პროდიუსერი ტიმ ბარტონია. ტრეილერიც მშვენიერი იყო დაახლოებით ბარტონის სტილში გაკეთებული მულტფილმია, რომლის ნახვაც დიდ ეკრანზე ნამდვილი სიამოვნება იქნება.

Jennifer’s Body(SEPTEMBER 18th)

დარწმუნებული ვარ იდიოტობა გამოვა. ფილმის ერთადერთი ღირსება მეგან ფოქსი იქნება, რომელიც ყოველ კადრში მინიმუმ სექსუალური იქნება. თუმცა მაინც ვუყურებ ფილმს, მაინტერესებს როგორ ითამასებს ეს მდედრი ვილანს. თან მიყვარს ფილმებში ლამაზი ქალები რომ ხოცავს ხალხს და არა მახინჯი, სახედამწვარი კაცები.

Bright Star(SEPTEMBER 18th)

შეყვარებული ვარ. ები კორნიშზე რომელიც ტრეილერში არამიწიურად ლამაზია. მემგონი მშვენიერი ფილმი იქნება. რეჟისორი ჯეინ კამპიონია ამ ქალს კი Piano აქვს გადაღებული, 90-იანების დასაწყისის მშვენება. მაგ ფილმში 2-3 დაუვიწყარი სცენაა. ბენ უიშოუ პარფიუმერობის სემდეგ არ მენახა არსად და აგერ ამ ტრეილერში ვიხილე. კარგი დრამა უნდა იყოს წესით არა Notebook-ური.

The Informant! (SEPTEMBER 18th)

სტივენ სოდერბერგი რეჟისორია, მეტ დეიმონი მსუქანია და მთავარ როლშია. ეს უკვე საკმარისია რომ ფილმი ვნახო. ვგონებ წლევანდელ ოსკარზე ამ ფილმს ნომინაციები ექნება, ყოველ შემთხვევაში სოდერბერგ/დეიმონისაგან ველი oscar-worth ფილმს.

Surrogates(SEPTEMBER 25th)

მორიგი ფილმი რობოტებსა და ადამიანებზე. აქედანვე ეტყობა ყველაზე კარგ შემთხვევაში საშუალო დონის sci-fi იქნება ფილმი, თუმცა ვინ იცის იქნებ ვცდები და რაიმე ღირებულთან გქონდეს საქმე.

Pandorum (SEPTEMBER 25th)

ამ ფილმს ისეთ რეკლამას უკეთებენ, რომ უკვე მეშინია. ეს იქნებაო საშინელებათა ფილმის ზეიმი, ჰორორის მამა და ა.შ ტრეილერში ბევრი არაფერი ჩანს ბენ ფოსტერი ყვირის ბევრს და Alien გამახსენდა მე რატომღაც მომენტების ნახვისას.

ოქტომბერი:

Serious Man(OCTOBER 2nd)

ითან და ჯოელ კოენები წარსულში დაბრუნდნენ. მაშინ როცა “კაპიკებით” იღებდნენ ფილმებს, თითქმის უცნობი მსახიობებითა და ძალიან, ძალიან შავი იუმორით. “სერიოზული კაცი” 90-იანების Fargo-ს უფრო ჰგავს ვიდრე ოსკარის ტრიუმფატორ No country for old men-ს.

ერთი ნაღდად ვიცი კოენები ცუდს არ გადაიღებდნენ და ფილმს დიდი სიამოვნებით ვნახავ. ვინ იცის ჩემი ებრაელი ბიჭები ამ ჯერზე რას/ვის გაჰკრავენ კბილს. ოსკარებზე კარგი შანსები ექნება ამ ფილმს, ისევე როგორც კოენების ბოლო ნამუშევრებს ჰქონდათ.

Zombieland (OCTOBER 2nd)

ძალიან ბევრი ვიცინე ტრეილერზე. ამერიკული Shaun of the Dead არის ეს ფილმი ვუდი ჰარელსონით მთავარ როლში. მაგარი მუსიკა და ზომბებია ნამუშევარში, დარწმუნებული ვარ ძალიან გავერთობი ამ ფილმის ყურებით.

Couples Retreat(OCTOBER 9th)

ფილმის ტრეილერი ერთი-ერთში ჰგავს Forgetting Sarah Marshall-ის ტრეილერს. თავიდან ვიფიქრე საერთოდ იმ ფილმის გაგრძელება ხომ არ არისთქო. კარგი კომედია იქნება გული მიგრძნობს.

Education(OCTOBER 9th)

ბრიტანული ფილმია რომელსაც აუცილებად ვნახავ. მშვენიერი მსახიობთა ანსამბლით :ალფრედ მოლინა, ემა ტომპსონი, პიტერ სარსგაადი. მიყვარს ასეთი მცირებიუჯეტიანი ფილმები, რომლებსაც თითქმის გამოუცდელი რეჟისორები იღებენ, მთელ თავიანთ სულ და გულს დებენ და ხშირად კარგი გამოდის ნაწარმოები.

The Road(OCTOBER 16th)

მაგრად მაინტერესებს რა იქნება ეს ფილმი. ვიგო მორტენსენი ტრეილერში ისე მამაძაღლობს ვინ იცის იქნებ ოსკარის ნომინაციას(მინიმუმ) გამოკრას ხელი. პოსტ-აპოკალიფსური სამყარო არასოდეს მინახავს ასე დახატული. შარლიზ ტერონის თამაში მხოლოდ დაამშვენებს ფილმს.

Where the Wild Things Are (OCTOBER 16th)

ამ ფილმზე არაერთხელ დავწერე. სპაიკ ჯონზმა ყველაზე ჯადოსნური სამყარო შექმნა მთელი დედამიწის ზურგზე რომელშიც ნებისმიერ მსურველს 16 ოქტომბრიდან შეეძლება შესვლა.

New York, I Love You(OCTOBER 16th)

პარიზის შემდეგ ნიუ-იორკს მიადგნენ რეჟისორები და უამრავი სეგმენტი გადაიღეს ამ “მრავალტანჯულ” ქალაქზე. ფილმის ნახვა სასტიკად რეკომენდირებულია

Saw VI(OCTOBER 23rd )

საინტერესოა რამდენზე გაჩერდებიან :დ

Cirque du Freak: The Vampire’s Assistant (OCTOBER 23rd )

არ ვიცი ეს ფილმი როგორი იქნება. ან ძალიან მომეწონება ან პირიქით. ტრეილერიც რაღაც ეგეთი აქვს ზოგი ეპიზოდი კარგია, ზოგიერთ ადგილას კი გათიშვა მომინდა ვიდეოსი. ჯონ სი. რაილის ხათრით მაინც ვუყურებ ფილმს სულ ფარჩაკი ტრეილერი რომ ჰქონდეს.

Gentlemen Broncos(OCTOBER 23rd)
ჯარედ ჰესის, Napoleon Dynamite-ის რეჟისორის ახალი ფილმი, რომელიც ისეთივე უაზრო პერსონაჟებით დატვირთული, სულელური და ამავე დროს ძალიან მაგარი ჩანს როგორიც ნაპოლეონია.

The Imaginarium of Burton and Gilliam/ჰიტ ლეჯერის უკანასკნელი როლი

თანამედროვე კინოში თუ ვინმეს ფილმში ჯადოსნური ატმოსფეროს შექმნა შეუძლია, მათ რიგებში უეჭველი მოწინავე რიგები ეჭირებათ ტიმ ბარტონსა და ტერი გილიამს. ამ ორ რეჟისორს აქვს თავისი ნიშნა რომლითაც ისინი განუმეორებლები არიან.

ტიმ ბარტონი რიგით მეშვიდეჯერ ათამაშებს თავის ფილმში ჯონი დეპს და თუ გავითვალისწინებ მათ წინა, ერთობლივ, ნამუშევრებს

Edward Scissorhands 7/10

Charlie and the Chocolate Factory 7/10

Ed Wood 8/10

Sweeney Todd 7.5/10

Sleepy Hollow 7/10

Corpse Bride 9/10

ნამდვილად შემიძლია მქონდეს იმედი, რომ ეს ფილმიც კარგი იქნება.  უი ხო ფილმის სათაური ALICE IN WONDERLAND-აა და როგორც მიხვდით ლუის კეროლის უკვდავი და ჩემი ერთ-ერთი უსაყავრლესი წიგნის ეკრანიზაციასთან გვაქვს საქმე.

ჯერ მხოლოდ ტიზერი არის გამოსული, ფილმი მთლიანად დამუსავების პროცესშია და 2010 წლის გაზაფხულზე გამოვა კინოგაქირავებაში. ერთის თქმა თამამად შეიძლება, ვიზუალურად ბრწყინავლედაა ყველაფერი გაკეთებული.

Vodpod videos no longer available.

more about “Alice in the wonderland“, posted with vodpod

ტერი გილიამი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი რეჟისორია. მართალია ბოლო წლებია ისეთ ფილმებს ვეღარ იღებს როგორსაც 10-20 წლის წინ ქმნიდა, მაგრამ იმედი მაქვს ძველი ტერი დაბრუნდება. ამ ფილმში გადაღება დაიწყო და დაიღუპა კიდევაც ჰიტ ლეჯერი. არა ფილმი არაფერ შუაშჲა, უბრალოდ ეს მისი როლია. შუა პროექტი აღარ შეწყვიტა გილიამმა და ლეჯერი სამი მსახიობით შეცვალა:ჯონი დეპი, კოლინ ფარელი და ჯუდ ლოუ. როგორ და რანაირად ამას ფილმიდან გავიგებთ. თუმცა ტრეილერის ნახვის შემდეგ ვგონებ გასაოცარი არ იქნება მთავარი გმირის ტრანსფორმაცია. ტერი გილიამმა ვგონებ მთელი თავისი ფანტაზიასა და ოცნებებს ფრთები შეასხა და ყველაზე არაამქვეყნიური სამყარო შექმნა.

დატკბით ტრეილერით. ფილმი წლის ბოლოს გამოვა შეერთებულ შტატებში. ჩვენთან ღმერთმა იცის როდის.

Vodpod videos no longer available. more about “The Imaginarium of Doctor Parnassus“, posted with vodpod

The Lovely Bones

მე და პიტერ ჯექსონი პირველად ერთმანეთს 2001 წელს დავეჯახეთ. 2002 წელს უკეთესად გავიცანი, 2003-ში კი საბოლოოდ შემიყვარდა.

ეს ახალ ზელანდიელი რეჟისორი The Lord of the Rings ტრილოგიის, King Kong-ისა და Heavenly Creatures შემქმნელია.  ის იმ იშვიათი რეჟისორების რიცხვში შედის რომელთაც შეუძლიათ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ჟანრებში, ერთნაირი სიძიერი ფილმები გადაიღონ. Meet the Feebles გიჟური შავი კომედიაა,  Heavenly Creatures კარგი დრამა, King Kong ერთ-ერთი საუკეთესო რიმეიკი რაც კი ოდესმე მინახავს, The Lord of the Rings კი…. რამდენიმე ხნის წინ შევპირდი ჩემს თავს, რომ არ ვისაუბრებდი ხოლმე ამ ფილმზე, საყავრელ ფილმებშიც კი არ ვახსენებ ხოლმე. რაღაც სრულიად სხვა მოვლენაა ჩემთვის ჯექსონის ტრილოგია.

2005 წლის შემდეგ პიტერის ნამუშევარი არ მინახავს მე. 2 წლის წინ გავიგე, რომ  The Lovely Bones მუშაობდა. ეს ფილმი კიდევ ერთი ნაბიჯია რეჟისორის კარიერაში, კიდევ ერთი მცდელობა, კიდევ ახალ ჟანრში მოსინჯოს თავი. ფილმის მთავარი პერსონაჟები სალმონსების ოჯახის წევრები არიან. 14 წლის სუზი სალმონსს 1973 წლის 6 დეკემბერს უცნობი პიროვნება კლავს, აქ იწყება ჯექსონის ისტორია, რომელიც 2009 წლის დეკემბერს გამოვა კინოთეატრებში.

როგორც იქნა ვეღირსე პირველ ტრეილერს და კმაყოფილი ვარ. თან უბრალოდ ვიცი, რომ არ გამიცრუებს პიტერ ჯექსონი იმედებს.

მაშ ასე უყურეთ ტრეილერს ფილმისა, რომელსაც წელს ყველაზე მეტად ველოდები.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Watchmen

2008 წელს როდესაც ეკრანებზე Dark Knight გამოვიდა, მაყურებლებმა და კრიტიკოსებმა ფილმს რევოლუციური უწოდეს. ფილმის fantasy კომიქსის ადაპტაციაზე მეტად, კრიმინალური დრამა იყო.

აი გავიდა თითქმის ერთი წელი და ზაკ სნაიდერმა გადაიღო Watchmen. ნამდვილი რევოლუციაც სწორედ აქ იღებს სათავეს. ისე სიმბოლურია ამ ფილმს რევოლუციურს, რომ ვუწოდებ. Watchmen ალან მურის კომიქსების ადაპტაციაა, ალან მური კი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რევოლუციონერის V-ის შემქმნელია(V for Vendetta).

ფილმი ბობ დილანის The Times They Are a-Changin‘ მელოდიის ფონზე იწყება. ტიტრებზევე ეტყობა ნამუშევარს, რომ რაღაც ახალ, უცხო, ხილთან გვაქვს საქმე. სიმღერის სათაურის არ იყო, ფილმის დაწყებიდან ყველაფერი იცვლება ჩვენს გარშემო. ტრუმენ კაპოტე, მიკ ჯაგერი, ლეონიდ ბრეჟნევი და ფიდელ კასტრო ენცვლებიან ერთმანეთს ეკრანზე. მათ გარშემო კი სუპერგმირები არიან. ენდი უორჰოლის მუზა ნიღბიანი გმირები არიან, ერთ-ერთი ასეთი გმირი კენედის მკვლელია. სწორედ კომედიანტის გასროლილი ტყვია მოკლავს ა.შ.შ.-ის პრეზიდენტს. ფილმის მოქმედება ალტერნატიულ სამყაროში მიმდინარეობს. იქ სადაც სუპერგმირები არსებობენ, იქ სადაც ა.შ.შ-მა ვიეტნამის ომში გაიმარჯვა, რიჩარდ ნიქსონი მესამე ვადით იქნა პრეზიდენტად არჩეული, განკითხვის დღის საათი კი სულ უფრო და უფრო აახლოებს საბჭოთა კავშირსა და ა.შ.შ-ს ბირთვულ ომთან. ალტერნატიულ 1985 წელს რეალური საფრთხე ემუქრება სამყაროს განადგურების და ეს არც უცხოპლანეტელების ბრალი იქნება, არც ხელოვნური ინტელექტისა ან სუპერგმირების.

ზაკ სნაიდერმა არ უღალატა “300-ის” გადაღებისას არჩეულ სტრატეგიას და ზედმიწევნით ზუსტად გადმოიტანა პირველწყაროში(კომიქსში) მოცემული სიუჟეტები და ილუსტრაციები. მან შექმნა 80-იანი წლების ნიუ-იორკი ალტერნატიული სახელი, ბნელი, ბინძური, პირქუში. ატომური ომის მოლოდინში ქალაქი უკვე მკვდარია, თითქოს ხვდება, რომ განწირულია. დიდი ხანია სუპერგმირები აღარ დაიარებიან ქალაქში, ისინი გარიყეს და მოიშორეს ისე როგორც საერთოდ ადამიანები ვექცევით ხოლმე ყველაფერს, რაც თავის მოვალეობას შეასრულებს. სუპერგმირებმაც გაკეთეს თავიანთი საქმე, ვიეტნამის ომი მოაგებინეს ა.შ.შ-ს. რაზეც “მადლობამ” არ დააყოვნა და გუშაგების(watchmen-ის ამაზე უკეთესი თარგმანი ვერ მოვიფიქრე) წინააღმდეგ აქციები დაიწყო. ყოველთვის ასე ვიქცევით ხოლმე, მუდამ რაღაცით ვართ ადამიანები უკმაყოფილოები, ჩვენი გმირები ჩვენი მტრები ხდებიან მაშინ, როცა მოწყენილობას ვგრძნობ და ხელები გვექავება აქციებზე ტაში ვუკრათ.

გუშაგები ექვსნი არიან სულ. ექვსი ერთმანეთისგან აბსოლიტურად განსხვავებული სუპერგმირი. ზაკ სნაიდერმა აქ ივაჟკაცა და ძალიან კარგად გადმოსცა, თითოეული პერსონაჟი. როშაჰი, დოქტორი მანჰეტენი, ბუ, ოზიმანდიასი, კომედიანტი და აბრეშუმის აჩრდილი(რა საშინელებაა ქართული თარგმანი) არაფრით გვანან იმ სუპერგმირებს რომელთა ეკრანზე ხილვასაც ჩვენ მივეჩვიეთ. ისინი მოწინააღმდეგეებს დაუნდობლად უსწორდებიან, სწორედ ეს სისხლიანი სცენები, noir-ის სტილის გადაღება და შენელებული კადრების გამოყენება ფილმს ვიზუალურად შთამბეჭდავს ხდის, ვიზუალურ სრულყოფილებას თან ახლავს კარგი მუსიკალური გაფორმება, ჭკვიანური დიალოგები და საკმაოდ ჩახლართული სიუჟეტი. ისეთივე ჩახლართული როგორიც როშაჰის ცხოვრებაა, ეს პერსონაჟი ხორცშესხმული ამბოხია, ალტერნატიული სამყაროს ჩე გევარა, თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირი, რომელსაც ბავშობისდროინდელი ტრამვები არ ანებებენ თავს. მისი სახე მისი ნიღაბია, ნიღაბი რომელიც მუდამ იცვლის სახეს, ნიღაბი რომელიც არასოდეს იღიმის. კომედიანტი ტიპური ვიეტნამგამოვლილი ამერიკელია, ძალადობაზე მომართული მამრი, რომლისთვისაც ცხოვრება ერთი დიდი ხუმრობაა. დოქტორი მანჰეტენი ერთადერთი სუპერგმირია, რომელსაც მართლაც სუპერ შესაძლებლობები აქვს. ერთ-ერთი ექსპერიმენტის ფატალურად დასრულებამ ჯონ ოსტერმანი, ლურჯი ფერის ღმერთკაცად აქცია, რომელსაც დოქტორი მანჰეტენი უწოდეს. ღმერთის ძალამ ნელ-ნელა მოკლა ჯონში ადამიანი, მისი ფიქრები სულ უფრო ნაკლებად გავდა ადამიანისას. ის უემოციო არსებაა, რომლისთვისაც ადამიანები სასაცილო ქმნილებები არიან. ბუ და ლორი იუპიტერი(აბრეშუმის აჩრდილი) ერთმანეთზე შეყვარებული წყვილია, რომელთაც ენატრებათ სუპერგმირების ცხოვრება, ენატრებათ ის დრო როდესაც კოსტუმებში გადაცმულები ადამიანთა დასაცავად გამოდიოდნენ ნიუ-იორკის საგუშაგოზე. სუპერგმირების ცხოვრების დასრულებასთან ერთად გაქრა ღიმილი მათი სახიდან. ამ ამბის პროტაგონისტი და ანტაგონისტი ოზიმანდიასი.ალტერნატიული სამყაროს ალექსანდრე მაკედონელი. მან იცის რომ მსხვერპლი აუცილებელი, მილიონების გაწირვა მილიარდების სახელით ერთადერთი გამოსავალია სამყაროს გადარჩენისა. მისი გეგმა ხუმრობაა, რომლის დასაწყისშიც ბევრი დაიღუპება, ბოლოს კი გადარჩენილები იცინებენ.

ბირთვული ომის თავიდან აცილებაზე ყველა გმირს თავისი აზრი აქვს, ყველა მართალია და სწორედ ესაა მთავარი, არ არსებობს გადაწყვეტილება ან მეთოდი რომლითაც კმაყოფილი დარჩება ყველა. ყოველთვის საჭიროა მსხვერპლზე წასვლა, გარისკვა, ცდა.

ზაკ სნაიდერმა შეძლო და ალან მურის სათქმელი ზედმიწევნით ზუსტად გადმოსცა ამ ფილმი, ერთი “ღიმილის” ქვეშ გააერთიანა მთელი ფილმი. რამდენიმე შეცდომა დაუშვა რეჟისორმა რომელიც ფილმს დაღს ასვამს, პირველ რიგში ეს ფილმის ხანგრძლივობაა. 160 წუთი ფილმის ყურება ძნელი საქმეა, რაც არ უნდა საინტერესო, ინტელექტუალური დიალოგებით დატვირთული და ვიზუალურად შესანიშნავი იყოს. გასული საუკუნის 80-იანი წლების ამ კომიქსის სიუჟეტი ძალიან გავს დღევანდელ მოვლენებს. საბჭოთა კავშირის მაგივად რუსეთია უბრალოდ და პირდაპირი მუქარა ფარულითაა შეცვლილი. ყველას ჭირდება თავისი სუპერგმირი და ჩვენც ეხლა ჩვენს Superhero-ს ველოდებით, სამწუხაროდ იმდენს ვერ ვხვდებით, რომ გავაანალიზოთ არანაირი ობობა არ მოვა და არ გვიკბენს ხელზე, არც პლანეტა ქრიფთონიდან ჩამოვა ვინმე ჩვენს გადასარჩენად, ეჭვი მეპარება გოთემის არ არსებობის გამო ბეტმენსაც ტყუილად ველოდებით და არც ჰალკად ქცევა “გვემუქრება” დიდად. ასე რომ ყველამ ტრაკი გავანძრიოთ ჯობს და თვითონ გავხდეთ “სუპერგმირები”.

სამწუხაროა, რომ ფილმი დიდი ეკრანზე ვერ ვნახე. საქართველოს კინოთეატრებში არ ჩამოუტანიათ და ცუდია ასეთი ფილმი მონიტორთან, რომ ვნახე.

პოსტი მინდა ერთი ანეგდოტით დავასრულო რომელსაც როშაჰი ფილმში ყვება და ლაითმოტივად გასდევს მთელ ფილმს :

“Man goes to doctor. Says he’s depressed. Says life is harsh and cruel. Says he feels all alone in a threatening world. Doctor says, “Treatment is simple. The great clown Pagliacci is in town tonight. Go see him. That should pick you up.” Man bursts into tears. Says, “But doctor… I am Pagliacci.”

8/10

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Good News for People Who Love Bad News

Alter vision რომ დაიწყო იმ დღეს ჩემმა მეგობარმა მახარა, რომ საქართველოს კინოთეატრებიდან ახალი ამბავი ჰქონდა.  ამ ფესტივალმა სულ გადამავიწყა, ეს კარგი ამბავი. მოკლედ რა ხდება, ალბათ შეამჩნიეთ, მას შემდეგ რაც რუსეთიდან შეწყდა ფილმების ჩამოტანა და ჩვენი კინოთეატრები ინგლისიდან ფილმების ჩამოტანასა და თავად გახმოვანებას შეუდგნენ, უკან-უკან წავიდა საქმე. გახმოვანების ხარისხი ძალიან დაბალი არის, ახალი ფილმების ჩამოტანას ვერ ახერხებენ, ძვირი ჯდება თურმე ხოდა უფარჩაკესი გახმოვანებით გვიწევს ფილმების ყურება, იმ ფილმების რომლებიც 2-3 თვის წინ გამოვიდა ა.შ.შ.-ის კინოთეატრებში.

ახალი და თანაც კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ ფილმების ნაწილი კვლავაც რუსეთიდან შემოვა და ისევ რუსული გახმოვანებით გავა “ამირანსა” და “რუსთაველში”. ცუდია რომ რუსულ ენაზე ფილმის გაშვებას ნატრულობ კაცი საქართველოში, მაგრამ რა ვქნა ვერ ისწავლეს ჩვენებმა გახმოვანება, ინგლისური ვერსიები კი ვერ შემოაქვთ თავის დროზე.

მოკლედ იმედი მაქვს ზაფხულის ბლოკბასტერებს დროზე ჩამოიტანენ და კინოში წასვლის ხალისს დამიბრუნებენ. ბოლოს კინოში მემგონი ჯეიმს ბონდზე ვიყავი მას შემდეგ არაფერი ნორმალური არ გამოსულა კინოში.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

პოპკორნის სეზონი ანუ როდის ჯობია კინოში ზასაობას ფილმის ცქერა IV- August

ეს გახლავთ Popcorn movies რიგით მეოთხე და უკანასკნელი ნაწილი.  იმედია ჩემს მიერ ჩამოთვლილი ფილმებიდან, ნებისმიერი სიიდან რომელიმემ მაინც დაგაინტერესათ და გაგიჩინათ სურვილი კინოთეატრს ეწვიოთ ან სახლში ცხელი ზაფხულის რომელიმე დღეს ეკრანს მიეჯაჭვოთ.

აგვისტო:

G.I. Joe: The Rise of Cobra(AUGUST 7th) – ბავშვობაში G.I. Joe-ს სათამაშოებზე ვოცნებობდი ხოლმე. ეჰჰ რა დრო იყო. აგერ დრო მოვიდა და ფილმსაც იღებენ უკვე. რეჟისორი სტივენ სომერსი იქნება, მუმიებისა და ვან ჰელსინგის გადაღებით გამოწრთობილი პიროვნება. სამსახიობო ანსამბლი ისეთია ერთხელ ნახვის სურვილს ნამდვილად ტოვებს. ჩანინგ ტატუმი, მარლონ უეინსი, სიენა მილერი, კრისტოფერ ეკლესტოუნი და ა.შ. ტრეილერი მომეწონა თორემ ამ ფილმს არც დავდები აქ, თუმცა CGI(კომპიუტერული ეფექტები) საკმაოდ ნურმალური ჩანს და თუ ფლოთი არ იქნება სტივენ სიგალის ფილმების მსგავსი ღირს ერთხელ ნახვა.

Final Destination: Death Trip(AUGUST 14th) – დარწმუნებული ვარ ბევრს ამ ფრენჩაიზის პირველი სამი ნაწილიდან ერთ-ერთი მაინც გინახავთ. ფილმები საკმაოდ საინტერესო იდეით. სიკვდილს გადარჩენილ ადამიანებს როგორ დასდევს სიკვდილი რათა დაამტკიცოს ქართული გამონათქვამი:”რაც შუბლზე გაწერია ვერ აცდები”. რამდენად ხარისხიანია ფილმები ეს უკვე სხვა საკითხია. მესამე ძალიან ცუდი იყო და დიდი იმედი მაქვს, რომ მეოთხეში რაიმე ახალს და საინტერესოს შემოგვთავაზებენ ფილმის შემქმნელები. უიჰ სულ დამავიწყდა ფილმის 3D იქნება და სრული ეფექტის მისაღებად სათვალეებით, კინოთეატრებში ცქერა იქნება აუცილებელი.

Taking Woodstock(AUGUST 14th) – სიტყვა ვუდსტოკი ალბათ ყველასთვის თავისუფლებასთან, ჰიპებთან, როკენროლის ღმერთებთან და უბრალოდ გენიალურ მუსიკასთან ასოცირდება. ენგ ლი დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი რეჟისორია. ამ კაცს თანაბარი სიძლიერით შეუძლია გადაიღოს დრამა, ფენტეზი, ექშენი და უბრალოდ რაც მოუნდება ის. მოკლედ აგვისტოს ცხელ დღეებში ამ ფილმით გაგრილება არავის არ აწყენს.

Inglourious Basterds(AUGUST 21st) – იოოოოოოოოოოო. კვენტინ ტარანტინო ბრუნდება. 90-იანების საკულტო პიროვნებად ქცეული ტარანტინო თავისი ოცნების ფილმით გვიბრუნდება. ეს არის პროექტი რომელზედაც კვენტინი არაერთი წელია მუშაობს და როგორც იქნა დაადგა საშველი მის გადაღებას. ფილმში მთავარ როლს ბრედ პიტი შეასრულებს. რაღაც აფეთქების მოლოდინში უნდა ვიყოთ. გული მიგრძნობს ან ძალიან მაგარი ფილმი შემრჩება ხელში, ანდა ტარანტინოს ყველაზე ნაგავი ნამუშევარი.

H2(AUGUST 28th) – რობ ზომბი ჰელოუინით ბრუნდება. პახმელიაზე სანახავი ფილმი იქნება. ბევრი სისხლი და შეშის ემოციით მსახიობები.

The Boat That Rocked(AUGUST 28th) – 28 აგვისტოდან ბრიტანელი “ამხანაგები” გვიწვენ თავიანთ კატერზე. სადაც ყველაფერი არის რაც ადამიანს სურს. სექსი, მუსიკა, როკი, მოსაწევი, თავისუფლება, გარყვნილება, ფილიპ სეიმურ ჰოფმანი და გემა არტენტონი. უბრალოდ ბრიტანული კომედია რომელიც მინიმუმ 90 წუთით გაგვიხალისებს ცხოვრებას და დაგვასევდიანებს იმაზე ფიქრით როგორი უნდა იყოს ნამდვილი რადიოს წამყვანი. ესეც ზაფხულის ცხელი სეზონის ანონსი. შემოდგომის დადგომასთან ერთად ოსკარების ციებ-ცხელებით დაგიბრუნდებით.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

ანუ როდის ჯობია კინოში ზასაობას ფილმის ცქერაIII-July

როგორც კინომანს ივლისი მიყვარს ძალიან. სანამ შემოდგომაზე “დავიტვირთები” დრამებითა და “მე ოსკარი მინდა” ფილმებით, მანამდე ზაფხულში დადებითან ვიმუხტები ხოლმე. ივლისი კი ყველაზე მეტად მახარებს ხოლმე სუპერ ბლოკბასტერებით.

Public Enemies(JULY 3rd) – მაიკ მანს ყველაზე კარგად კრიმინალური დრამების გადაღება ეხერხება და გამიხარდა რომ სწორედ ამ ჟანრში აპირებდა ფილმის გადაღებას. სიხარულის გრძნობამ კიდევ უფრო მოიმატა როდესაც გავიგე, რომ ფილმში მთავარ როლებს ჯონი დეპი და კრისტიან ბეილი შეასრულებდნენ. ეს იქნება ფილმი 30-იანი წლების ყველაზე ცნობილ ამერიკელ მძარცველზე ჯონ დილინჯერზე, რომელის საოცარ ისტორიას იმედია არანაკლებ საოცრად გადმოგვცემენ ამ პროექტის საშუალებით.

Ice Age: Dawn of the Dinosaurs(JULY 3rd) – იოოო. დიდი გამყინვარების “სასტავი” ბრუნდება. მანი, დიეგო, ელი და რათქმაუნდა სკრატი ყველაზე მაგარი მღრღნელი მსოფლიოში. საძმო იურულ პერიოდში ხვდება, სადაც დინოზავრებთან მოუწევთ “ჭიდილი”. მთავარია მულტფილმი სასაცილო იყოს და ვისაც უნდა იმას ებრძოლონ. რათქმაუნდა ჩვენს კინოთეატრებში ეს ანიმაციური ფილმი გამოვა ამაზრზენად ნათარგმნი, რათა ნებისმიერ კინომანს დაეკარგოს მისი კინოში ნახვის სურვილი.

Brüno(JULY 10th) – ალბათ ყველამ იცით ბორატი. თუ არ იცით მაშინ დაასრულეთ თქვენი სიცოცხლე თვითმკვლელობით. საშა ბარონ კოენმა იცის როგორ უნდა დასცინოს ხალხს, ჩვეულებებსა თუ ტრადიციებს და თავისი პერსონაჟით ბრუნო ის ამჯერად შეეცდება მოდის სამყაროს “მანკიერი” მხარეები დაგვანახოს. ბრუნო გეია რომელიც უახლესი მოდის ტენდეციების ძიებაში არაერთ სასაცილო ისტორიაშჳ ხვდება. ფილმი “ბორატის” სტილშია გადაღებული, ანუ ნახევრად დოკუმენტური კადრებითა და სცენებით. ეს კი ფილმს უფრო სასაცილოდ აქცევს.

Harry Potter and the Half-Blood Prince(JULY 17th) – მამაძაღლი პოტერი ბრუნდება. ტრეილერი შთამბეჭდავი აქვს. იეტისმა მემგონი მიაგნო ფორმულას რომლის მიხედვითაც წარმატებით შეიძლება პოტერის ეკრანიზება. ამ ფილმს არ ჭირდება ბევრი რეკლამირება და ა.შ fantasy-ს  მოყვარულებმა კინოში უნდა უყუროთ ასეთ სანახაობას.

(500) Days of Summer(JULY 17th) – ფილმი რომელიც “განწირულია” გოგოების გულის დასაპყრობად. ერთი შეხედვით ბანალური სიუჟეტი, რომელიც ასე ძლიერ იზიდავს სუსტი სქესის თინეიჯირებს. მიზეზი რატომაც ამ ფილმს ვნახავ არის ის, რომ მთავარი პერსონაჟი ძალიან ჰგავს ჰიტ ლეჯერს.

The Ugly Truth(JULY 24th) – წლის წინ ჯერალდ ბატლერს მამამისიც ვერ ცნობდა სახლში, დღეს კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულალური მსახიობია. ფილმში ქალების მუსუსის როლს ასრულებს რომელიც თავის თანამშრომელს მამაკაცის შებმაში ეხმარება. მერე როგორც მოსალოდნელია ერთმანეთი შეუყვარდებათ ალბათ. ტრეილერი სახალისო აღმოჩდა და მემგონი ღირს ყურება.

Funny People(JULY 31st) – არც ტრეილერის ნახვა არ მჭირდება, არც სიუჟეტის გაგება და არც იმის თუ ვინ თამაშობს ფილმში. მას შემდეგ რაც გავიგე რომ ფილმის რეჟისორი ჯუდ აპატოუა, ეს ფილმი ავტომატურად most anticipation ფილმთან რიცხვში ჩავწერე. ჯუდ აპატოუს დამსახურებაა რომ არსებობს ისეთი კომედიები როგორებიცაა: Step Brothers, Forgetting Sarah Marshall, Walk Hard: The Dewey Cox Story, Knocked Up, The 40 Year Old Virgin და ა.შ რა ვიცი რომელიმე თუ არ გაქვთ აქედან ნანახი აუცილებლად ნახეთ, რაღაც არანორმალურად სასაცილო ფილმებია. “ტონკი” ხუმრობებითა და წარმოუდგენელი სიტუაციებით.

გაგრძელება იქნება… აგვისტო და ტარანტინო გველოდება წინ.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Popcorn Season ანუ როდის ჯობია კინოში ზასაობას ფილმის ცქერა II- june

ბევრს არ ვილაპარაკებ და პირდაპირ საქმეზე გადავალ. მაისის შემდეგ გაგაცნობთ ივნისში გამოსასვლელ ფილმებს რომელთა ნახვა ჩემი აზრით ღირს(ან ეღირება, ასე უფრო სწორია)

ივნისი:
Land of the Lost(JUNE 5th)
ფილმი სადაც უილ ფერელი ასრულებს მთავარ როლს ხშირ შემთხვევაში გარანტირებული სიცილის ნაკადია, რომელიც მთელი ფილმის განმავლობაში არაერთხელ მოგაწყდებათ. ეს ძალიან სასაცილო კომიკოსი ყოველთვის ახერხებდა ჩემს გაცინებას და ვეჭვობ არც ეხლა გაუჭირდება დიდად.
Away We Go(JUNE 5th)
ტრეილერი მომეწონა ძალიან ძალიან. სემ მენდესმა შარშან გული დამწყვიტა თავისი Revolutionary road-ით და იმედი მაქვს American Beauty-ს დონის ფილმს თუ მაღალხარისხოვან ოჯახურ დრამას(კომედიის ელემენტებით) მაინც შემოგვთავაზებს. indie ფილმები ამ დონის რეჟისორების გადაღებით ძალიან ხშირად გაცილებით უკეთესია ვიდრე მეგა კომპანიების დიდი ბიუჯეტით გადაღებული.

The Hangover(JUNE 5th)
რაღაც კარგი კომედია ჩანს. ზედმეტი კითვები, რომ არ გაგიჩნდება უბრალოდ 80 წუთი უყურებ და იცინებ კარგად. პოპკორნს და კოკა-კოლას დააგემოვნებ და ნასიამოვნები წამოხვალ კინოდან. რათქმაუნდა არ მაქვს იმის ილუზია, რომ ეს ფილმი ჩვენს კინოთეატრებში გამოვა ეს უბრალოდ წარმოვიდგინე. 😀
Moon(JUNE 12th)
ოოოჰ. ამ ზაფხულის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფილმი. სემ როკველი იდიოტია. ნიჭიერი მსახიობია და არასწორად მართავს თავის კარიერას. არადა თავისუფლად შეუძლია ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი იყოს მეორეხარისხოვან როლებში. ამ ფილმით იმედია მისი “წონა” ერთი-ორად მომიმატებს. რაღაც საინტერესო sci-fi ჩანს, ატმოსფერო ძალიან დამთრგუნველია, ისტორია შემზარავი. ადამიანი რომელიც მთავარეზე სრულიად მარტოა და თავის თავს მკვდარს აღმოაჩენს.

Year One(JUNE 19th)
ქრისტეს შობიდან პირველი წელი. სუპერ კომიკოსი ჯეკ ბლექი და სუპერ ლუზერი მაიკლ სერა იწყებენ თავიანთ მოგზაურობას სამყაროში სადაც ძალიან ბევრი ნაცნობი სახე და პერსონაჟია. აბელი და კაენი მაგალითად.
Whatever Works(JUNE 19th)
უბრალოდ ვუდი ალენის ფილმია. ამ კაცმა კი ნმადვილად იცის როგორ უნდა გადაიღოს ფილმი.
Transformers: Revenge of the Fallen(JUNE 26th)
რამდენიმე წლის წინ როდესაც პირველი ტრანსფორმერები ვნახე კინოში, უზომოდ კმაყოფილმა დავტოვე დარბაზი. არნახული სანახაობა, დიდი დოზით იუმორი და ექშენი, მეგან ფოქსი, მეგატრონი, ბამბელბიი და უბრალოდ ფილმი რომლის გამოც ადამიანს გიხარია კინოში ბლოკბასტერების ყურება. დიდი იმედი მაქვს, რომ მეორე ნაწილი იგივე ემოციებს დამიტოვებს. ტრეილერი შთამბეჭდავი აქვს ნამდვილად, მთავარია ფილმი აღმოჩნდეს იმავე დონის.

გაგრძელება იქნება… ივლისი გველის წინ

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)