Archive for the ‘კრისტოფერ ნოლანი’ Tag

Inception – ნოლანის ფანტაზიის მსხვერპლთათვის

კრისტოფერ ნოლანმა სამყარო გააოცა. უმეტესობა სასიამოვნოდ, უმცირესობას გული დაწყვიტა. ისეთი ტრეილერი ჰქონდა და ეს რა ფილმი არისო. მეტი ფანტაზია უნდა გამოეყენებინაო. არადა ფილმის დასაწყისში არტური ხსნის, რომ რაც უფრო ნაკლებად შეცვლი სიზმარს მით უფრო ნაკლებად მიიქცევ ქვეცნობიერის ყურადღებას. მსგავსი უაზრო მოსაზრებები ბლომად გაჩნდა. ისევე როგორც კითხვები. მას შემდეგ რაც ფილმი ორჯერ ვნახე, შევეცდები რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე ჩემეული მოსაზრება დავწერო. რომელიც ჩემი თეორიების, მეგობრების მოსაზრებებისა და რამდენიმე საინტერესო რევიუს შერწყმის შედეგად მიღებული აზრია. წაიკითხეთ მხოლოდ მათ ვინც ფილმი ნახა. ვისაც არ გინახავ ეწვიეთ კინოთეატრებს და ისიამოვნეთ 140 დიდებული წუთით.

Leonardo DiCaprio –   Cobb

Joseph Gordon-Levitt  –  Arthur

Ellen Page – Ariadne

Tom Hardy – Eames

Ken Watanabe  – Saito

Dileep Rao  –  Yusuf

Cillian Murphy  –  Robert Fischer

1)რა არის Inception(დასაწყისი) ?

ეს არის ადამიანის გონებაში ახალი იდეის ჩანერგვა. ასეთი რამ წარმოუდგენელად ითვლება, რადგან იდეა ადამიანის ქვეცნობიერში იბადება და მას იქ ვერავინ ”ჩადებს”. თუმცა დომ კობმა შეძლო შეუძლებელი, თავის მეუღლეს მალის გონებაში Inception მოახერხა. კობი და მალი ექსპერიმენტებს ატარებდნენ. ისინი ძალიან ღრმა ძილში, ცდილობდნენ ახალი, თავიანთი ოცნების სამყაროს შექმნას. არავინ იცის ისინი რეალური დროით რამდენ ხანს იყვნენ ლიმბოში(ქვემოთ ლიმბოზე დაწვრილებით ვისაუბრებ ), ცნობილია მხოლოდ ის რომ ილუზიაში მათ ათწლეულები გაატარეს, სადაც თავიანთ შექმნილ სამყაროში ”ღმერთები” იყვნენ. კობს რეალურ სამყაროში დაბრუნება სრუდა, თუმცა მალი იმდენად იყო ჩაფლული ლიმბოში, რომ დაკარგა რეალობის აღქმა ის მიიჩნევდა, რომ სამყარო რომელშიც იც ცხოვრობდა რეალურია. ამის გამო კობმა მალს გონებაში ”ჩაუნერგა” იდეა, რომ სამყარო სადაც ისინი ცხოვრობენ სიზმარია. ინსეფშენი თავიდან წარმტებით განხორციელდა, წყვილმა თავი მოიკლა და რეალურ სამყაროს დაუბრუნდა, თუმცა… ინსეფშენი ძალინ რთული პროცესია და მალის შემთხვევაში ცუდად დასრულდა. რეალობაში დაბრუნებულმა ქალმა ვერ მოახერხა სიზმრისა და რეალობის გარჩევა, ის კვლავ იმ იდეის გავლენის ქვეშ იყო რომ ილუზიაში ცხოვრობდა და რეალურ სამყაროს მხოლოდ თავის მოკვლის შემთხვევაში იხილავდა.

2)რა არის Kick ?

ეს არის სიზმრიდან გამოსვლის ერთ-ერთი ხერხი. როგორც წესი Kick ხორციელდება წინასწარი გაფრთხილებით. გამაფრთხილებელი ნიშანი Edith Piaf-ის სიმღერა Non, Je ne regrette rien არის, რომელის გამოყენებაც არტურის იდეა იყო. არ აქვს მნიშვნელობა რა დონის ღრმა ძილშია ადამიანი, Kick მას ნებისმიერ შემთხვევაში გააღვიძებს. იუსუფის წამალი იმდენად ძლიერი იყო, რომ გაღვიძება სხვა მეთოდით(სიზმარში სიკვდილით) გამორიცხული იყო. სწორედ ამიტომ აგდებს იუსუფი მანქანას ხიდიდან, წყალთან შეჯახება გამოიწვევს დარტყმას, რომელიც ყველას გააღვიძებს. სწორედ ამიტომ არტური ლიფტის ტროსებს(:დ) აფეთქებს, რათა ლიფტის ჩავარდნამ Kick გამოიწვიოს.

3)რა არის ლიმბო?

ლიმბო ეს არის სიცარიელე. ეს არის ადგილი ქვეცნობიერში სადაც არაფერი არ არის, ადგილი სადაც სიზმარი ”კომაშია”. იუსუფის წამალი რომლითაც ყველამ დაიძინა თვითმფრინავში იმდენად ძლიერია, რომ გაღვიძების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდი, სიზმარში სიკვდილი, შეუძლებელია. სიზმარში სიკვდილით ადამიანი ვერ გაიღვიძებს და ის გადავა ლიმბოში. ფილმიდან ვიგებთ რომ ლიმბო ეს არის ადგილი სადაც არაფერი არ არის, ეს არავის სიზმარი არაა. ლიმბოში გადასული ადამიანი ხედავს მხოლოდ იმას, რაც მის წინ იქ მყოფმა ადამიანმა ”ააგო”/”გააკეთა”. ეს მის წინ მყოფი ადამიანი, ”ლიმბოს მფლობელი”, მასთან სიზმარს უნდა იყოფდეს. ანუ ერთ აპარატზე უნდა იყვნენ შეერთებული, რომ ლიმბოში გადასვლის შემთხვევაში სრული სიცარიელე არ იყოს. ფილმში ერთადერთი ვინც ლიმბოში ყოფილა დომ კობია, შესაბამისად საიტო როდესაც კვდება ხვდება კობის კონსტრუირებულ ლიმბოში. ადამიანი როდესაც ლიმბოში ხვდება, მისი ტვინი იჯერებს რომ ის რეალურ სამყაროშია და არა ილუზიაში. უკან დასაბრუნებელი გზაც(რეალობაში) იმავე ხიდზე გადის, ანუ უნდა გჯეროდეს რომ ილუზიაში ხარ და რეალობა სხვაგანაა. რეალურ სამყაროში წამები ლიმბოში წლებია, წლები რომლებიც სულ უფრო გავიწყებს და გაშორებს რეალობას. ასე მოუვიდა მალს, საიტოს, კობს. მოქმედება რომელიც ფილმის ბოლოს ლიმბოში ვითარდება. იქ სადაც კობი და საიტოა, რეალურ სამყაროში სავარაუდოდ რამდენიმე წამია. ეს დრო ლიმბოში იმდენად დიდია, რომ საიტო ძალიან დაბერდა, მას თითქმის არაფერი არ ახსოვს. კობი კი რომელიც საიტოს შემდეგ მოკვდა მოხუცი არ არის, თუმცა აშკარად ეტყობა ასაკის მატება.

4) სიზმარი სიზმარში?!

ფილმიდან ჩანს რომ შესაძლებელია ერთ სიზმარში სხვა სიზმრის გაკეთება და იმაში კიდევ სხვის. ანუ რამდენიმე დონის/ლეველის შექმნა. რაც უფრო ღრმად მიდის ადამიანი თავის ქვეცნობიერში მით უფრო არამდგრადია სიზმარი. ფილმში შემდეგი დონეებია

1.ოპერაცია თვითმფრინავში იწყება. ყველა იძინებს. ყველა იუსუფის სიზმარშია, რომელიც არიადნეს დაპროექტებულია. თუმცა კობის ქვეცნობიერი ცდილობს ცვლილებების შეტანას(მატარებელი. ეს ის მატარებელია რომელმაც მოლი და კობი რეალურ სამაყროს დაუბრუნა), ასევე ფიშერის ქვეცნობიერის თავდაცვის მექანიზმი ირთვება, ანუ მისი პროექცია უბრალო ადამიანები კი არა, შეიარაღებული პიროვნებები არიან, რომლებიც ცდილობენ სიზმარში შემოჭრილები დახოცონ.

2.მეორე დონეზე იუსუფი აღარ არის. მას მანქანა მიჰყავს სხვა ყველა კი სიზმარშია, სასტუმროში. ეს არტურის სიზმარია. აქ ფიშერს უხსნიან, რომ ის სიზმარშია და ატყუებენ თითქმოს მამამისის თანაშემწის სიზმარში უნდა წაიყვანონ რათა მამამისის რეალური ანდერძი ნახოს, სინამდვილეში კი ფიშერს მის გონებაში შეუძღვებიან.

3.მესამე დონე სადაც ფიშერმა მამამისი უნდა ნახოს და კობის გუნდის გენიალური გეგმის მსხვერპლი უნდა გახდეს იმსის სიზმარია. ამ დონეზე მალი კლავს ფიშერს, რომელიც ჩემი აზრით არა სიზმრის მეოთხე დონეზე არამედ ლიმბოში გადადის. ე.წ სიზმრის მეოთხე დონე სადაც მალი, არიადნე, კობი და ფიშერი არიან ჩემი აზრით სიზმარი კი არა ლიმბოა. რადგანაც ფიშერი და არიადნე თავს იკლავენ. ისინი რომ სიზმარში იყვნენ სიკვდილს kick-ის ეფექტი არ ექნებოდა და ისინი ლიმბოში ჩარჩებოდნენ, მაგრამ რადგან ისინი კობის ლიმბოში არიან, თან აანალიზებენ რომ ეს ილუზიაა, ამიტომაც თვითმკვლელობას kick-ის ეფექტი აქვს და ისინი ავტომატურად უკან, წინა სიზმარში ბრუნდებიან.

5)რა არის ტოტემი?

ტოტემი ეს არის რაღაცა ნივთი, რომელსაც ადამიანი იყენებს რეალობისა და სიზმრის გასარჩევად. კობს ბზრიალა აქვს, არტურს კამათელი, არიადნე ჭადრაკის ფიგურა. ეს არის ნივთი რომელის წონა, სიგრძე და ა.შ მხოლოდ ერთმა ადამიანმა, მისმა მფობლემა უნდა იცოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის აზრს კარგავს, რადგან სხვა შეძლებს მისით მანიპულირებას სიზმარში, შესაბამისად კონკრეტული პიროვნებისთვის ილუზიისა და რეალობის ერთმანეთში არევას.

6) როგორ დაბრუნდნენ გმირები უკან თვითმფრინავში?

არიადნე და ფიშერი ლიმბოში თავს იკლავენ და ბრუნდებიან მესამე ლეველზე. მეორე ლეველზე არტური ლიფტის აფეთქებით აღვიძებს მესამე ლეველზე მყოფთ:იიმს, არიადნეს, ფიშერს. კობი აიგნორებს kick-ს და საიტოს დასაბრუნებლად რჩება ლიმბოში. ამ დროს პირველ ლეველზე იუსუფი ხიდიდან აგდებს მანქანას. მანქანის წყალთან დაჯახება იწვევს kick-ს რომელიც მეორე ლეველზე მყოფთ აღვიძებს:არიადნე, არტური, იიმსი, ფიშერი. საიტო მკვდარია, კობი წყალში კვდება და ლიმბოში აგრძელებს საიტოს ძებნას. ერთი ვარიანტია(ყველაზე რეალური), რომ გმირები დაელოდნენ წამლის დროის გასვლას და თვითმფრინავში გაიღვიძეს. მეორე როდესაც საქმე ბოლომდე მიიყვანეს და სრულიად აანალიზებდნენ, რომ სიზმარში იყვნენ მათ ლიმბოში კი არ გაჭედავდა, არამედ თვითმფრინავში დააბრუნებდა.

8)ფილმის ფინალი!!!!!!!

უმთავრესი და ურთულესი შეკითხვა, რომელზე ზუსტი პასუხის გაცემაც ერტადერთ ადამიანს კრისტოფერ ნოლანს შეუძლია. დასასრულის უამრავი ვარიანტი არსებობს, მე მხოლოდ საუკეთესოებს წარმოგიდგენთ

1.კობი ისევ ლიმბოშია

ფილმის ბოლოს კობი და საიტო პირისპირ საუბრობენ. ლიმბოში გატარებულმა დრომ, მათ თითქმის ყველაფერი დაავიწყა, თუმცა ნელ-ნელა იხსენებენ რა მოხდა. ბოლოს საიტო იღებს იარაღს და.. თუ საიტომ მხოლოდ კობი მოკლა, მაშინ იგი ლიმბოს უფრო ღრმა საფეხურზე გადავიდოდა, სადაც სავარაუდოდ თავისი ოცნების ილუზია ელოდა. ის ბრუნდება სახლში შვილებთან. ამ ვერსიას ამყარებს ის ფაქტი, რომ როდესაც ის თავის შვილებს ხედავს ბავშვები ზუსტად იმ პოზაში და იმ ტანსაცმელში არიან, როგორც კობმა ისინი ბოლოს ნახა. მანამდე იგი არიადნეს ეუბნება, რომ ის თავის მოგონებებში ვერ ხედავს ბავშვების სახეს, რადგან ვერ მოასწრო ნახვა. ხოლო მალის ილუზიაში უარს ამბობს სახეების ნახვაზე, რადგან მიაჩნია რომ ილუზიაა. ლიმბოს ასეთ ღრმა საფეხურზე შეიძლება, მან შექმნა ილუზია სადაც ყველაფერი ისეა როგორც მას სურს. დააკვირდით ფილმის ბოლოს როდესაც კობი თავის ბზრიალას მაგიდაზე აბზრიალებს, ის არ ელოდება წაიქცევა თუ არა სათამაშო. მისთვის სულ ერთია ის ილუზიაშია თუ რეალობაში.

2.კობი ნამდვილად დაბრუნდა შვილებთან

თუ საიტომ გაანალიზა ის, რომ ისინი სიზმარში არიან, მოკლა კობი და შემდგე თავი მოიკლა, ეს სავარაუდოდ მათ ლიმბოდან პირდაპირ ყველა სიზმრის დონის გამოტოვებით(რადგან სხვა სიზმრები ”დანგრეული” იყო), მათ პირდაპირ თვითმფრინავში დააბრუნებდა. თუ გავითვალისწინებთ საიტოს სახეს როდესაც ის თვითმფრინავში ტელეფონზე რეკავს, ეს ვერსია საკმაოდ რეალურია. მე რამდენადაც გავიგე პროექციით მანიპულირება შეუძლებელია, ანუ გამორიცხულია, რომ კობის სპეციალურად ”გაეჩალიჩებინა” საკუთარი თავისთვის ასეთი დახვედრა. ასევე ვირაცის საინტერესო არგუმენტს წავაწყდი ამ თეორიაზე, რომელიც მე არ შემიმჩნევია. კობის ნიშნობის ბეჭედი მხოლოდ რეალურ სამყაროში უკეთია, სიზმარში ის მას არ ატარებს, ბოლოს სცენაში კი ის ბეჭდითაა.

3.Inception კობს გაუკეთეს

კიდევ ერთი მშვენიერი ვერსია რომელიც არაფრით გამოირიცხება. დააკვირდით კობის მამის საუბარს. პარიზში ის სთხოვს კობის რომ ”რეალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს”, აეროპორტში ეუბნება, რომ ”კეთილი იყოს მისი დაბრუნება”. შეიძლება მთელი გუნდი ცდილობს არა ფიშერის გონებაში იდეის ჩანერგვას არამედ კობის თავში ახალი აზრის შექმნას. ეს ყველაფერი შეიძლება იუსუფთან მიწისქვეშეთში დაიწყო. როდესაც იუსუფტან კობი სიზმრიდან გამოდის, სახეში წყალს ისხამს და ბზრიალას დახმარებით ცდილობს გაიგოს რეალურ სამყაროშია თუ სიზმარში, მას ბზრიალა უვარდა და მას შემდეგ ფილმში ფინალურ სცენამდე კობი ერთხელაც აღარ ჩანს იყენებს ბზრიალას. ანუ შეიძლება ის რაც იუსუფის შეხვედრის შემდეგ ხდება სიზმარია და კობის თავში იდეის ჩანერგვის მცდელობაა, ფიშერი შეიძლება იყოს გამოგონილი პიროვნება ან ადამიანი რომელიც უბრალოდ გამოიყენეს კობის გონებაში ღრმად შესაღწევად. ეს ვერსია კარგი იმ მხრივ, რომ არიადნემ კარგად იცის კობის პრობლემების შესახებ და შეუძლია მასთან ბრძოლა. შეიძლება კობის ჩაუნერგეს იდეა, რომ ის არ არის ცოლის სიკვდილში დამნაშავე და შესაბამისად მას შეუძლია ბედნიერად იცხოვროს(ფინალში როგორც ხდება), ან არიადნემ უბრალოდ ტანჯვა ააცილა კობის და ოცნების ლაბირინთი შეუქმნა, იდეალური პარადოქსი რომლიდანაც კობი ვერასოდეს გამოვა და ბედნიერი მოკვდება.

ძალიან დავიღალე ამდენი წერით. ბოლოს მხოლოდ ჩემს აზრს დავწერ ფილმის ფინალზე. რა მნიშვნელობა აქვს დასასრულს, ფაქტია რომ ნოლანმა მიზანს მიაღწია. ვინც ეს ფილმი ნახა ყველა მასზე საუბრობს, ყველა ცდილობს გაიგოს რა მოხდა, ფაზლი გონებაში ააწყოს და იდეალური სურათი მიიღოს, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. არ არსებობს მასზე ერთი კონკრეტული პასუხი. ვერასოდეს გავიგებთ რა მოხდა სინამდვილეში, ისევე როგორც ვერ გავიგებთ მატრიცაში ნეო კვდება თუ არა, ვერ გავიგებთ ლეონარდ შელბი ცოლის მკვლელია თუ შეშლილი შურისმაძიებელი, ვერ გავიგებთ ”ყველაფერი კარგად იქნება” კამეჩის ფლოქვია თუ ნარდში შაში-ჩარით კარის ჩაკეტვის საუკეთესო საშუალება. ეს ფილმი არის იდეალური Inception რომელიც კრისტოფერ ნოლანმა ჩვენს გონებაში განახორციელა. შესანიშნავი ნამუშევარია, რომელიც რაღაც ახალი, სიცოცხლისმონტანია ამ უსიცოცხლო კინოეპოქაში. XXI საუკუნეს ორიგინალური სიზმრები ჭირდება. თორემ ამდენმა სიქველმა,რიმეიკმა, პრიკველმა და კომიქს-თამაშ-წიგნების ადაპტაციამ წალეკა კინო.

პ.ს კრისტოფერ ნოლანმა სახელებიც კი გენიალურად შეურჩია პერსონაჟებს. კოტიარის პერსონაჟი, მალი ეშმაკს თუ დემონს ნიშნავს. არიადნე მითოლოგიური პერსონაჟია რომელიც თეზევს მინოტარვის დამარცხებაში დაეხმარა ლაბირინთში. ამ ფილმში კი ელენ პეიჯის პერსონაჟს რა საერთო აქვს ლაბირინთებთან ყველამ კარგად ნახა.

ზაფხულის ცუდი რიმეიქი

დღეს მომინდა რაიმე დამეწერა ჩემს ბლოგზე. ბევრი არ მიფიქრია, პოსტის იდეა თავისით მოვიდა. 2010 წლის ფილმებზე დავწერ, იმ ნამუშევრებზე რომლებიც უკვე გამოვიდა.

დავიწყებ იმით, რომ საშინელი წელია. ცუდი, ძალიან, ცუდი ან თვაილაითი ფილმები გამოდის. ჰოლივუდი იდეების კრიზისშია და რა ეშველება არ ვიცი, ხსნა არ ჩანს. რამდენი წელია კინო ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია და მე არ მახსოვს ჰოლივუდში ამაზე სუსტი ზაფხულის სეზონი. კარგი ან სუპერ ფილმი ძალიან ძალიან ცოტა გამოვიდა.

უკეთესია მემგონი მივყვე და მეტ–ნაკლებად ყველა ფილმზე ვთქვა რამე.

1) Shit რიმეიქები

ჰოლივუდში რომ იდეების ნაკლებობაა ეს მარტო ჩემი სიტყვები არაა და არც რაიმე ახალს ვამბობ. რიმეიქი “დიდებული” გამოსავალია. აიღებ რაიმე ძველს, ოდესღაც პოპულარულ ფილმს, ერთ–ორ ნაცნობ სახეს ათამაშებ, სპეცეფექტებით გაძეძგავ და პროდუქტიც მზადაა.

2010 წელს უკვე გამოვიდა რამდენიმე ძალიან ცუდი ფილმის რიმეიკი. უპირველეს ყოვლისა Alice in Wonderland და Robin Hood მინდა აუგად მოვიხსენიო. ტიმ ბარტონი ადგა და კეროლის პერსონაჟები 3D ფორმატში კინომოყვარულების თვალწინ გააუპატიურა. ალისა კინო მოკლებულია ყველაფერ იმას რაც ლუის კეროლის გენიალურ წიგნს აქვს. არც მაგიურობა, არც ბრწყინვალე ატმოსფეროს შეგრძნება, პერსონაჟების მიმზიდველობაც დაკარგულია. ფილმი არის ვინმე ალისაზე რომელსაც კრიტიკული დღეები აქვს და ჯონი დეპის ცანცარით ტკბება. დიახ ცანცარი არის ყველაზე თავშეკავებული გამოხატულება იმისა, რასაც დეპი ეკრანზე აკეთებს. მისი ერთ–ერთი ყველაზე საშინელი როლია მედჰეთერი. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჯონი კაპიტანი ჯეკ ბეღურას როლშია დარჩენილი ან ბარტონმა თხოვა იქ დარჩენილიყო. მოკლედ ფილმი ნაგავია. ჩეშირის კატაც კი ბანძია. ამ ფილმის ნახვას წინა საუკუნის დასაწყისში დისნეის გენიალური მულტფილმით ტკბობა ჯობია. აი იქ სულ სხვა კაიფი აქვს ყველაფერს, სიტყვა კაიფის ყველანაირი გაგებით.

როგორ შეიძლება “რობინ ჰუდი” დახასიათება?! რიდლი სკოტი დაბერდა. სკლეროზი აქვს და ეგონა “ზეციური სამეფოს” გაგრძელებას იღებდა. რასელ ქროუს პერსონაჟს რობინ ჰუდთან სახელის გარდა იმდენივე აქვს საერთო, რამდენიც კუპატის დამზადების ტექნოლოგიასთან. მეზარება ამ ფილმზე წერა. ქეით ბლანშეტის გარდა ყველაფერი ყარს ფილმში :სცენარი, ქროუ, რეჟისურა.

ამ ორი “დიდებული”  რიმეიქის გარდა Karate Kid, Clash of the Titans,  Nightmare on Elm Street, Wolfman, Crazies, და Predators გამოვიდა წელს.

ფრედი კრუგერის განახლებული თავგადასავალი და “მე ედრიან ბროუდის ვიხმარ” მტაცებლები არ მინახავს(ჯერ–ჯერობით). დანარჩენი ყველა ფილმი ცუდი იყო.

კარატისტი პაცანი არაფრისმომცემი  90 წუთი. გადაღეჭილ, მონელებულ, ფეკალიად ქცეული სიუჟეტით. ეს არის ფილმი სადაც ყველა დიალოგი predictable არის. ერთადერთი რამაც ფილმში გამხარა არის ის, რომ დავრწმუნდი უილ სმიტს ნიჭიერი ბიჭი ჰყავს.

“ტიტანთა ჯახის”  სცენარი სავარაუდოდ 14 წლის ბავშვებმა დაწერეს. გარდატეხის ასაკში მყოფმა ჩუკენებმა. ღმერთების ომზე ფილმზე რომ ოცნებობდნენ, თან მაგარი ნაშა რომ უნდათ ფილმში. სამწუხაროდ ეს “ბავშვები” მითოლოგიის ცოდნით ვერ დაიკვეხნიან. ჯინი და კრაკენი ოლიმპოს ღმერთებთან და ბერძნულ მითოლოგიასთან ისეთვე სასაცილოა, როგორც ფილმის დასასრული და სემ უორინგტონის პერსონაჟის დებილური(მთელი ფილმი თან) საუბარია.

ჯო ჯონსტონმა კაპიტან ამერიკაზე უნდა გადაიღოს ფილმი და უკვე მეშინია. “ადამიანი მგელი” ისეთი უსულო ნამუშევარია, რომ სტივ როჯერსიც არ მიაფუჭოს ამ რეჟისორმა.  ფილმში ძალიან მაგარი ატმოსფეროა, იგრძნობა რომ სადღაც ახლოს მაქცია დაძრწის, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი უგემოვნოდაა გაკეთებული. არადა შესაშური სამსახიობო ანსამბლი ჰყავდა რეჟისორს. ბენისიო დელ ტორო, ენტონი ჰოპკინსი, ემილი ბლანტი და ჰიუგო იუინგი. ფილმი კიდევ 100 წუთიანი წვალებაა.

“შეშლილნი” ყველაზე ნორმალური ფილმია ამ სიაში.  კარგი დასაწყისი აქვს. წარმოიდგინეთ ქალაქში ნელ–ნელა ყველა როგორ გიჟდება და ზომბის მსგავს საშინელებად იქცევა. რომ არა საშინელი ფინალი და ბოლოსკენ რამდენიმე ჩასვრილი სცენა ფილმი კარგი იქნებოდა, სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა.

2) იმედგაცრუებები

ყოველ წელს უამრავი რეჟისორი, მსახიობი, ფილმი მიცრუებს იმედს. ხანდახან ტრეილერი არის გასაგიჟებელი და შემდეგ ფილმი ნაგავი, ხან არცერთი არაფრად არ ვარგა. შევეცდები მოკლედ 2010 წლის პირველი ნახევრის ყველაზე დიდ იმედგაცრუებებზე დავწერო.

Shrek Forever After – სად გაქრა ის ყველაფერი რისთვისაც შრეკი, ფიონა, ვირი, კატა, ჯინჯი ან პინოქიო მიყვარდა? ძალიან დამწყდა გული მეოთხე, დასკვნით შრეკზე.მიმაჩნია რომ ფრენჩაიზის მეორე ნაწილი არის სანიმუშო მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს მულტფილმი. კარგი ანიამცია, დიდებული პერსონაჟები, ძალიან სასაცილო სცენარი და სუპერ სიუჟეტი. შრეკი 2 დღემდე ჩემი ერთ–ერთი უსაყვარლესი მულტფილმია. “სკოტი” ნამდვილად არ იმსახურებდა ასე გაუბედურებას მეოთხე ნაწილით.

Last Airbender – შამალანი მეზიზღება.  ერთ–ერთი უნიჭიერესი რეჟისორი წლების მატებასთან ერთად ერთ–ერთი უპრეზერვატივესი გახდა. მისი ფილმები წინ წასვლის ნაცვლად, სულ უფრო ემსგავსება ვარსიმაშილის ნამუშევრებს.

Percy Jackson & The Olympians – ვიფიქრე ახალი პოტერი მოევლინება ქვეყანასთქო. მაგრად შევცდი. საშუალოზე დაბალი დონის ფენტეზია პერსი ჯექსონის თავგადასავალი.

Legion – ახალ კონსტანტინს ველოდი. პოლ ბეტანი ყველაზე ახლოს დგას ჯონ კონსტანტინის ტიპაჟთან(კომიქსებს ვგულისხმობ) და გამიხარდა როცა მისტიკური ჟანრის ფილმში თამაშს დასტანხმდა. აღმოჩნდა რომ ჯობდა უარი ეთქვა. ამ ფილმის ცქერაზე უკეთესია ჩრდილოეთ კორეის საფეხბურთო ნაკრების ვარჯიშის ვიდეოჩანაწერის ყურება.

Daybreakers – ეს იმ ფილმთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ჯობდა ტრეილერად დარჩენილიყო. ძალიან კარგი ტრეილერი, რომელიც ვამპირებზე სიანტერესო ფილმს გვპირდებოდა და სამწუხაროდ სრულმეტრაჟიანი ფილმი.

Repo Men – ამ ფილმზე საუბარი არც მინდა.  OLDBOY და Brazil მოსწონს ამის რეჟისორს,ეს არის ერთადერთი კარგი რისი თქმაც ფილმზე შემიძლია.

Greenberg – ორჯერ ვნახე. ერთი სანამ ფილმის რეჟისორს ნოა ბაუმბახის შეყვარებამდე და ერთი შეყვარების შემდეგ. გული მწყდება რომ ბაუმბახის ფილმია ეს უაზრობა.

3) ნათელი წერტილები

საბედნიეროდ რამდენიმე კარგი ფილმი გამოვიდა 2010 წელს, რომლებმაც შემინარჩუნეს ადამიანობა :დ

Iron Man 2 –  ყველაფერი საჭირო დოზით იყო ფილმში. მადლობა ფავროს რომ არ გააფუჭა პირველი ნაწილის შემდეგ ფილმი.

How to Train Your Dragon – ძალიან მაგარი მულტფილმი დრიმუორკისაგან. შესანიშნავი ფინალით და 3d იქსპირიენსით.

Shutter Island – სკორსეზემ იმდენი ქნა, რომ მეგობრები ორ ნაწილად “გაგვხლიჩა”. ძალიან დიდიხანს ვმსჯელობდით ფილმის ფინალზე და ვერაფრით ვერ შევთანხმდით. ლეონარდო დი კაპრიოს დიდებული წელი აქვს. მარტინ სკორსეზე კი ისევ ის მამაძაღლია რაც იყო.

Knight & Day/Kick-Ass/Get Him to the Greek/Date Night

მშვენიერი კომედიები. სხვადასხვა სტილში გადაღებული, აბსოლუტურად განსხვავებული სიუჟეტით და იუმორით, მაგრამ საერთო ნიშნით – გემოვნებით გაკეთებული.

P.S

კინო ზაფხული დასასრულს უახლოვდება და ერთადერთი ადამიანი ვისაც შეუძლია გადაარჩინოს  სეზონი არის კრისტოფერ ნოლანი და მისი Inception(22 ივლისიდან ჩვენს კინოთეატრებში). ამ ფილმზე ახლა არაფერს არ დავწერ, ისედაც ძალიან დიდი პოსტი გამომივიდა. ჟურნალ “ტაბულას” ორშაბათის ნომერში იქნება ჩემი პრევიუ და შეგიძლიათ წაიკითხოთ. მხოლოდ ერთს ვიტყვი ეს ფილმი კინოთეატრში უნდა ნახოთ.

არნოლდ შვარცენეგერი 62 წლისაა!

1947 წლის 30 ივლისს არნოლდ შვარცენეგერი იშვა ამ ქვეყნად. პატარა არნოლდი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ 90-იანი წლების საქართველოსთვის დედის ძუძუზე უფრო ტკბილი გახდებოდა, “პრაკატის” მამად იქცეოდა და I’ll be back-ს ინკასატორების დევიზად დანერგავდა.

XX საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო შვარცენეგერმა(ჩვენში უფრო შვარცნეგერმა) ხალხისთვის თავის შეყვარება. ჯერ იყოდა კონანი გვაჩუქა კინოს გურმანთ, შემდეგ საკულტო ტერმინატორი შექმნა. არც მანამდე და არც მას შემდეგ არავის ასე დამაჯერებლად არ უთამაშია რობოტი რომელიც მომავლიდან მოევლინა ქვეყანას. 1985 წელს Commando გამოვიდა. ჩემი ბავშვობის სისხლიანი მოგონება, ფილმი სადაც არნოლდი მარტო უმკლავდება კოლომბიის ჯარსა და ა.შ.შ-ის მოსახლეობის 31%-ს. ფილმი რომლის შემდეგაც სახედახატული დადიოდა ნახევარი თბილისი, მეორე ნახევარი კი ლიმონკას ფეხებთან იფეთქებდა იმის იმედით, რომ შვარცენეგერივით გადარჩებოდა. 80-იანების ბოლოს ავსტრიელი ბიჭუნა ღმერთად იქცა. ჯერ “ხიშნიკი” დაამარცხა, შემდეგ დენი დე ვიტოს ტყუპისცალი გახდა, ბოლოს კი მარსზე იმოგზაურა. ვინ იცის რამდენს უწმენდია სპირტიანი ბამბით “გალოვკა” რათა კიდევ ერთხელ ენახა საყვარელი მომენტი ფილმიდან “შვარცნეგერი მარსზე” რომელსაც სინამდვილეში Total Recall ჰქვია, ან რამდენს აკუმლატორზე შეერთებულ ტელევიზორთან უთენებია ღამე რათა “ტყუპებში” არნოლდის საოცარი მონოლოგებისთვის დაეგდო ყური.

დრო გადიოდა ის კი სულ უფრო მეტად უყვარდებოდა ყველას. სივესტერ სტალონე ნიჭიერი იყო, ბრუს ლიი წყალზე დარბოდა, ჩაკ ნორისი არასოდეს იღიმებოდა, ვან დამური ჩხუბები ყველას ევასებოდა, მაგრამ არნოლდის დარი დიდება არავის ღირსებია. “ბეტმენი და რობინის” გამოსვა თბილისში ცუდ პერიოდს დაემთხვა. ბნელეთი გამეფებულიყო ვახტანგ გორგასლის ჯილა ქალაქში. თუმცა მისტერ ფრიზი მაინც ყველას ახსოვს, სწორედ მისტერ ფრიზმა გადააწყვეტინა ბევრს ეყიდა “ტურბო” “კერასინკები” და ამით ვილანი გამხდარიყო მეზობლის თვალში. ის გუბერნატორი გახდა, თუმცა მაინც ყველას ახსოვს აგერ 2010 წელს ეპიზოდურ როლს ითამაშებს სილვესტერ სტალონეს ფილმში The Expendables.

გახსოვდეს რომ ყველას გვიყვარხარ არნოლდ შე შვარცენეგერო !

პ.ს ასევე ვულოცავ რიჩარდ ლინკლეიტერსა და კრისტოფერ ნოლანს დაბადების დღეს არც ესენი არიან ცუდი ტიპები : D

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)