Archive for the ‘მეორედ მოსვლა’ Tag

2012 და მომავალი

რონალდ ემერიხს რომ დედამიწა ეზიზღებოდა ჯერ კიდევ 1992 წელს გახდა ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი. 90–იანების დასაწყისში ემერიხმა გააკეთა ის რასაც არცერთი კაცთმოყვარე არ იზამდა, დოლფ ლუნდგრენი და ჟან კლოდ ვანდამი ათამაშა ერთად, ერთ ფილმში სახელად Universal Soldier. ფილმის წარმატებით შეგულიანებულმა რეჟისორმა უნივერსალური მეთოდი შეიმუშავა სამყაროს ზიზღის ეკრანზე გადმოსატანად, ჯერ იყო Independence Day. ფილმი ჰიტად იქცა, ემერიხმა უცხოპლანეტელებს დედამიწა მიწასთან გაასწორებინა, უილ სმიტი პოპულარული გახადა და საშუალო სტატისტიკური ა.შ.შ–ის მოქალაქეს დააფიქრა ისეთ ზოგად საკაცობრიო საკითხზე როგორიცაა უცხოპლანეტელებისადმი ლიბერალური დამოკიდებულება. ორიოდ წლის შემდეგ როლანდ ემერიხის ახალი პროექტი, იაპონური ფილმის რიმეიკი Godzilla გამოვიდა. ამჯერად გიგანტური რეპტილია შეეჭიდა სამყაროს განადგურების საქმეს, თუმცა მისი ცდა კრახით დამთავრდა. XXI საუკუნეში გერმანელი რეჟისორის ფილმები გაცილებით მასშტაბური გახდა. 2004 წელს The Day After Tomorrow–ს პრემიერა შედგა. ფილმი 2012–ის ერთგვარი პრელუდია გამოდგა, თითქმის ანალოგიური სიუჟეტის მქონე ფილმი, განსხვავება ისაა რომ იქ ჯეიკ გილენჰაალის პერსონაჟი არის მთავარ როლში 2012–ში კი ჯონ კიუსაკი ჩაუქობს.

ბოლო 2–3 წელია მაიას ტომის წინასწარმეტყველება რომლის მიხედვითაც დედამიწა 2012 წლის 31 დეკემბერს განადგურდება სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. არაერთი დოკუმენტური ფილმი მიეძღვნა ამ ისტორიას და გასაკვირი არ არის ემერიხმა, რომ ფილმის გადაღება განიძრახა, ფულის სუნი ასდიოდა ამ პროექტს რომელიც ჩანასახშივი ერთობ პროვოკაციული იყო. ფილმის ბიუჯეტი 200 მილიონია, მარკეტინგმა და პიარმაც კარგად იმუშავა, შედეგმაც არ დააყოვნა გაქირავებაში ჩაშვებიდან ორი კვირის შემდეგ ფილმს 458 მილიონი ა.შ.შ დოლარი აქვს მოტანილი კინოკომპანია სონი/ქალამბიასთვის.

ფილმის ფაბულა საკმაოდ მარტივია – “შეაშინე და იბატონე მაყურებელზე”. ნამუშევრის სიუჟეტი რბილად რომ ვთქვათ ისეთივე სუსტია როგორიც ემერიხის ძველი გლობალურ კატაკლიზმებთან დაკავშირებული ფილმებისა. კინოთეატრში პირველი ნახევარი საათი შეგიძლიათ დაიძინოთ, თოჯინას კაბა შეუკეროთ, ვარდის უეკლოდ დაკრეფა სცადოთ, ტარიელ ჭანტურიას ლექსები თარგმნოთ სპარსულ ენაზე რადგან ეკრანზე არაფერი საინტერესო არ ხდება. ამ დროის გასვლის შემდეგ ემერიხი ტემპს იღებს, ნელ–ნელა იწყებს დედამიწის მიწასთან გასწორებას.  2009 წელს პროფესორი ადრიან ჰელმსლი იგებს, რომ დედამიწას განადგურება ემუქრება, დიდი რვიანის ქვეყნები იწყებენ საიდუმლო გეგმის განხორციელებას, რომლის მიხედვითაც 2012 წლის აპოკალიფსისას მხოლოდ “რჩეულნი”გადარჩებიან. ფილმის მთავარი პერსონაჟი ჯექსონ კერტისია(ჯონ კიუსაკი), რომელიც ცოლს(ამანდა პიტს) გაშორებულია და ბავშვებთან ერთად უიქენდზე ლაშქრობაში წავა, სწორედ ამ ლაშქრობისას გაიცნობს ის ვუდი ჰარელსონის პერსონაჟს რომელიც მას საიდუმლოს გაანდობს იმის თაობაზე, რომ დიდი რვიანის სახელმწიფოები ხომალდებს აგებენ აპოკალიფსისაგან გადასარჩენად. ჯექსონთან ერთად ფილმში რამდენიმე მნიშვნელოვანი პერსონაჟია ადრიან ჰელმსლი(ჩიუითელ ეჯიოფორი), იური და პრეზიდენტი ტომას უილსონი(დენი გლოვერი). პერსონაჟები ძალიან ბევრია, საკუთარი ხაზის განვითარება კი არცერთს არ აქვს საინტერესო. 150 წუთი ისე უყურებ ფილმს, რომ გული არავისზე შეგტკივა, არავინ გიყვარდება ან გეზიზღება.

თბილისის კინოთეატრებში ფილმის შუაში ანტრაქტია. მიზეზად ფილმის ქრონომეტრაჟია მოყვანილი. არადა ამაზე გაცილებით დიდი ფილმები მინახავს კინოში ყოველგავრი შესვენების გარეშე(მაგ:King-Kong, LOTR III). უბრალოდ დამფრთხალი და შეშინებული ქართველი ერი, რატომღაც პოპკორნსა და გამაგრილებელ სასმელს ეძალება და კინოთეატრები საკმაოდ კარგ მოგებას ნახულობენ ამ შესვენებებზე. ანტრაქტისას ხალხს ისეთი დაზაფრული სახე ჰქონდა წამით დავეჭვდი, იქნებ მე არ ვაქცევდი ყურადღებას ბუნების “გაფთხილებებს” და აპოკალიფსი მართლა გვიახლოვდება. ხალხი სიგარეტს ჭამდა და ბატი–ბუტს ეწეოდა შიშით, თან აუჰ რა გვეშველება ისმოდა ხშირ–ხშირად. კიდევ კარგი შესვენება მალე დასრულდა, თორემ ვგონებ მეორედ მოსვლას ვერც მოვესწრებოდი და იქვე გავფშეკდი ფეხებს ამდენი უაზრო სახეების ყურებით.

CGI(კომპიუტერული ანიმაცია/სპეცეფექტები) უკეთესის სურვილს ტოვებს, რიგ ეპიზოდებში რეალურობა აკლია მოვლენებს რაც რათქმაუნდა დაღს ასვამს ნამუშევარს. სცენარი რაც უფრო ბოლოსკენ მიდის სულ უფრო სასაცილო და აბსურდული ხდება. ფილმში განვითარებული მოვლენების დაჯერება, ისეთივე ძნელია როგორიც უგო ჩავესის შეყვარება, ბრუნეის დედაქალაქის სახელის დაზეპირება ან პეკინზე პიკის საათებში მანქანით გავლა. ფილმი სუსტია, ძალიან სუსტი. მისი წარმატება დიდწილად განპირობებულია პიარის, დედამიწის განადგურებისა და მეორედ მოსვლის შიშისდაგამო. არც კი ვიცი რომელი ჯობია დედამიწა განადგურდეს თუ მეორედ მოსვლის გჯეროდეს და გეშინოდეს ადამიანს.

ბოლოს მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე მიზეზი თუ რატომ არ განადგურდება დედამიწა 2012 წელს.

* 2014 წელს ემერიხი ამ ფილმის გაგარძელება გადაიღებს

* 2013 წლის იანვარში საქართველო ახალ პრეზიდენტს აირჩევს

* 2013 წლის მარტში მრავალათასიანი აქციები მოეწყობა რიყეზე ლოზუნგით “გადადექი, გადადექი”

* 2013 წლის მაისში 4 წლით უცნობი კვლავ დაბრუნდება საკან N5–ში

* 2015 წელს მარკესი მართლა დაწერს თავის უკანასკნელ სიტყვებს

* 2016 წელს საქართველოს ნატო დაუწერს 5+ით “ადნაკლასნიკებზე”

* 2017 წლის 23 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი აწყობს “ფეისბუქის” რევოლუციას და ქვეყნის პრეზიდენტი ხდება *2017 წლის 24 ნოემბერს შალვა ნათელაშვილის ფეთი “ფეთ სოსაიეთიში” პრეზიდენტი გახდება

* 2021 წელს დიდგორის 900 წლისთავზე მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვა და იტყვის:”დღეს როგორც არასდროს ქართველებს ერთად დგომა გვჭირდება”

2025 წელს კუბის პრეზიდენტი გახდება ნუგზარ კასტრო.

*2026 წელს ჯონდი ბაღათურია მოითხოვს “ფლეიბოის” ხულოს ფილიალის დახურვას

* 2027 წელს ჯონდი ბაღათურია მოითხოვს “ფლეიბოის” ხულოს ფილიალის დახურვას

* 2047 წელს ფეხბურთი როგორც სპორტის სახეობა გაუქმდება

* 2051 წელს თბილისის დინამო ფეხბურთის ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა გავიდეს

*2112 წელს საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს : აფხაზეთს, სამაჩაბლოს, საინგილოს, ნიკოფსიას, დარუბანდს, ვირჯინიის შტატს, ფილიპინებს, ურალის ქედსა და ხონსიუ, ხოკაიდოს უდიდეს ნაწილს.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Advertisements