Archive for the ‘ფილმი’ Tag

Inception – ნოლანის ფანტაზიის მსხვერპლთათვის

კრისტოფერ ნოლანმა სამყარო გააოცა. უმეტესობა სასიამოვნოდ, უმცირესობას გული დაწყვიტა. ისეთი ტრეილერი ჰქონდა და ეს რა ფილმი არისო. მეტი ფანტაზია უნდა გამოეყენებინაო. არადა ფილმის დასაწყისში არტური ხსნის, რომ რაც უფრო ნაკლებად შეცვლი სიზმარს მით უფრო ნაკლებად მიიქცევ ქვეცნობიერის ყურადღებას. მსგავსი უაზრო მოსაზრებები ბლომად გაჩნდა. ისევე როგორც კითხვები. მას შემდეგ რაც ფილმი ორჯერ ვნახე, შევეცდები რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე ჩემეული მოსაზრება დავწერო. რომელიც ჩემი თეორიების, მეგობრების მოსაზრებებისა და რამდენიმე საინტერესო რევიუს შერწყმის შედეგად მიღებული აზრია. წაიკითხეთ მხოლოდ მათ ვინც ფილმი ნახა. ვისაც არ გინახავ ეწვიეთ კინოთეატრებს და ისიამოვნეთ 140 დიდებული წუთით.

Leonardo DiCaprio –   Cobb

Joseph Gordon-Levitt  –  Arthur

Ellen Page – Ariadne

Tom Hardy – Eames

Ken Watanabe  – Saito

Dileep Rao  –  Yusuf

Cillian Murphy  –  Robert Fischer

1)რა არის Inception(დასაწყისი) ?

ეს არის ადამიანის გონებაში ახალი იდეის ჩანერგვა. ასეთი რამ წარმოუდგენელად ითვლება, რადგან იდეა ადამიანის ქვეცნობიერში იბადება და მას იქ ვერავინ ”ჩადებს”. თუმცა დომ კობმა შეძლო შეუძლებელი, თავის მეუღლეს მალის გონებაში Inception მოახერხა. კობი და მალი ექსპერიმენტებს ატარებდნენ. ისინი ძალიან ღრმა ძილში, ცდილობდნენ ახალი, თავიანთი ოცნების სამყაროს შექმნას. არავინ იცის ისინი რეალური დროით რამდენ ხანს იყვნენ ლიმბოში(ქვემოთ ლიმბოზე დაწვრილებით ვისაუბრებ ), ცნობილია მხოლოდ ის რომ ილუზიაში მათ ათწლეულები გაატარეს, სადაც თავიანთ შექმნილ სამყაროში ”ღმერთები” იყვნენ. კობს რეალურ სამყაროში დაბრუნება სრუდა, თუმცა მალი იმდენად იყო ჩაფლული ლიმბოში, რომ დაკარგა რეალობის აღქმა ის მიიჩნევდა, რომ სამყარო რომელშიც იც ცხოვრობდა რეალურია. ამის გამო კობმა მალს გონებაში ”ჩაუნერგა” იდეა, რომ სამყარო სადაც ისინი ცხოვრობენ სიზმარია. ინსეფშენი თავიდან წარმტებით განხორციელდა, წყვილმა თავი მოიკლა და რეალურ სამყაროს დაუბრუნდა, თუმცა… ინსეფშენი ძალინ რთული პროცესია და მალის შემთხვევაში ცუდად დასრულდა. რეალობაში დაბრუნებულმა ქალმა ვერ მოახერხა სიზმრისა და რეალობის გარჩევა, ის კვლავ იმ იდეის გავლენის ქვეშ იყო რომ ილუზიაში ცხოვრობდა და რეალურ სამყაროს მხოლოდ თავის მოკვლის შემთხვევაში იხილავდა.

2)რა არის Kick ?

ეს არის სიზმრიდან გამოსვლის ერთ-ერთი ხერხი. როგორც წესი Kick ხორციელდება წინასწარი გაფრთხილებით. გამაფრთხილებელი ნიშანი Edith Piaf-ის სიმღერა Non, Je ne regrette rien არის, რომელის გამოყენებაც არტურის იდეა იყო. არ აქვს მნიშვნელობა რა დონის ღრმა ძილშია ადამიანი, Kick მას ნებისმიერ შემთხვევაში გააღვიძებს. იუსუფის წამალი იმდენად ძლიერი იყო, რომ გაღვიძება სხვა მეთოდით(სიზმარში სიკვდილით) გამორიცხული იყო. სწორედ ამიტომ აგდებს იუსუფი მანქანას ხიდიდან, წყალთან შეჯახება გამოიწვევს დარტყმას, რომელიც ყველას გააღვიძებს. სწორედ ამიტომ არტური ლიფტის ტროსებს(:დ) აფეთქებს, რათა ლიფტის ჩავარდნამ Kick გამოიწვიოს.

3)რა არის ლიმბო?

ლიმბო ეს არის სიცარიელე. ეს არის ადგილი ქვეცნობიერში სადაც არაფერი არ არის, ადგილი სადაც სიზმარი ”კომაშია”. იუსუფის წამალი რომლითაც ყველამ დაიძინა თვითმფრინავში იმდენად ძლიერია, რომ გაღვიძების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდი, სიზმარში სიკვდილი, შეუძლებელია. სიზმარში სიკვდილით ადამიანი ვერ გაიღვიძებს და ის გადავა ლიმბოში. ფილმიდან ვიგებთ რომ ლიმბო ეს არის ადგილი სადაც არაფერი არ არის, ეს არავის სიზმარი არაა. ლიმბოში გადასული ადამიანი ხედავს მხოლოდ იმას, რაც მის წინ იქ მყოფმა ადამიანმა ”ააგო”/”გააკეთა”. ეს მის წინ მყოფი ადამიანი, ”ლიმბოს მფლობელი”, მასთან სიზმარს უნდა იყოფდეს. ანუ ერთ აპარატზე უნდა იყვნენ შეერთებული, რომ ლიმბოში გადასვლის შემთხვევაში სრული სიცარიელე არ იყოს. ფილმში ერთადერთი ვინც ლიმბოში ყოფილა დომ კობია, შესაბამისად საიტო როდესაც კვდება ხვდება კობის კონსტრუირებულ ლიმბოში. ადამიანი როდესაც ლიმბოში ხვდება, მისი ტვინი იჯერებს რომ ის რეალურ სამყაროშია და არა ილუზიაში. უკან დასაბრუნებელი გზაც(რეალობაში) იმავე ხიდზე გადის, ანუ უნდა გჯეროდეს რომ ილუზიაში ხარ და რეალობა სხვაგანაა. რეალურ სამყაროში წამები ლიმბოში წლებია, წლები რომლებიც სულ უფრო გავიწყებს და გაშორებს რეალობას. ასე მოუვიდა მალს, საიტოს, კობს. მოქმედება რომელიც ფილმის ბოლოს ლიმბოში ვითარდება. იქ სადაც კობი და საიტოა, რეალურ სამყაროში სავარაუდოდ რამდენიმე წამია. ეს დრო ლიმბოში იმდენად დიდია, რომ საიტო ძალიან დაბერდა, მას თითქმის არაფერი არ ახსოვს. კობი კი რომელიც საიტოს შემდეგ მოკვდა მოხუცი არ არის, თუმცა აშკარად ეტყობა ასაკის მატება.

4) სიზმარი სიზმარში?!

ფილმიდან ჩანს რომ შესაძლებელია ერთ სიზმარში სხვა სიზმრის გაკეთება და იმაში კიდევ სხვის. ანუ რამდენიმე დონის/ლეველის შექმნა. რაც უფრო ღრმად მიდის ადამიანი თავის ქვეცნობიერში მით უფრო არამდგრადია სიზმარი. ფილმში შემდეგი დონეებია

1.ოპერაცია თვითმფრინავში იწყება. ყველა იძინებს. ყველა იუსუფის სიზმარშია, რომელიც არიადნეს დაპროექტებულია. თუმცა კობის ქვეცნობიერი ცდილობს ცვლილებების შეტანას(მატარებელი. ეს ის მატარებელია რომელმაც მოლი და კობი რეალურ სამაყროს დაუბრუნა), ასევე ფიშერის ქვეცნობიერის თავდაცვის მექანიზმი ირთვება, ანუ მისი პროექცია უბრალო ადამიანები კი არა, შეიარაღებული პიროვნებები არიან, რომლებიც ცდილობენ სიზმარში შემოჭრილები დახოცონ.

2.მეორე დონეზე იუსუფი აღარ არის. მას მანქანა მიჰყავს სხვა ყველა კი სიზმარშია, სასტუმროში. ეს არტურის სიზმარია. აქ ფიშერს უხსნიან, რომ ის სიზმარშია და ატყუებენ თითქმოს მამამისის თანაშემწის სიზმარში უნდა წაიყვანონ რათა მამამისის რეალური ანდერძი ნახოს, სინამდვილეში კი ფიშერს მის გონებაში შეუძღვებიან.

3.მესამე დონე სადაც ფიშერმა მამამისი უნდა ნახოს და კობის გუნდის გენიალური გეგმის მსხვერპლი უნდა გახდეს იმსის სიზმარია. ამ დონეზე მალი კლავს ფიშერს, რომელიც ჩემი აზრით არა სიზმრის მეოთხე დონეზე არამედ ლიმბოში გადადის. ე.წ სიზმრის მეოთხე დონე სადაც მალი, არიადნე, კობი და ფიშერი არიან ჩემი აზრით სიზმარი კი არა ლიმბოა. რადგანაც ფიშერი და არიადნე თავს იკლავენ. ისინი რომ სიზმარში იყვნენ სიკვდილს kick-ის ეფექტი არ ექნებოდა და ისინი ლიმბოში ჩარჩებოდნენ, მაგრამ რადგან ისინი კობის ლიმბოში არიან, თან აანალიზებენ რომ ეს ილუზიაა, ამიტომაც თვითმკვლელობას kick-ის ეფექტი აქვს და ისინი ავტომატურად უკან, წინა სიზმარში ბრუნდებიან.

5)რა არის ტოტემი?

ტოტემი ეს არის რაღაცა ნივთი, რომელსაც ადამიანი იყენებს რეალობისა და სიზმრის გასარჩევად. კობს ბზრიალა აქვს, არტურს კამათელი, არიადნე ჭადრაკის ფიგურა. ეს არის ნივთი რომელის წონა, სიგრძე და ა.შ მხოლოდ ერთმა ადამიანმა, მისმა მფობლემა უნდა იცოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის აზრს კარგავს, რადგან სხვა შეძლებს მისით მანიპულირებას სიზმარში, შესაბამისად კონკრეტული პიროვნებისთვის ილუზიისა და რეალობის ერთმანეთში არევას.

6) როგორ დაბრუნდნენ გმირები უკან თვითმფრინავში?

არიადნე და ფიშერი ლიმბოში თავს იკლავენ და ბრუნდებიან მესამე ლეველზე. მეორე ლეველზე არტური ლიფტის აფეთქებით აღვიძებს მესამე ლეველზე მყოფთ:იიმს, არიადნეს, ფიშერს. კობი აიგნორებს kick-ს და საიტოს დასაბრუნებლად რჩება ლიმბოში. ამ დროს პირველ ლეველზე იუსუფი ხიდიდან აგდებს მანქანას. მანქანის წყალთან დაჯახება იწვევს kick-ს რომელიც მეორე ლეველზე მყოფთ აღვიძებს:არიადნე, არტური, იიმსი, ფიშერი. საიტო მკვდარია, კობი წყალში კვდება და ლიმბოში აგრძელებს საიტოს ძებნას. ერთი ვარიანტია(ყველაზე რეალური), რომ გმირები დაელოდნენ წამლის დროის გასვლას და თვითმფრინავში გაიღვიძეს. მეორე როდესაც საქმე ბოლომდე მიიყვანეს და სრულიად აანალიზებდნენ, რომ სიზმარში იყვნენ მათ ლიმბოში კი არ გაჭედავდა, არამედ თვითმფრინავში დააბრუნებდა.

8)ფილმის ფინალი!!!!!!!

უმთავრესი და ურთულესი შეკითხვა, რომელზე ზუსტი პასუხის გაცემაც ერტადერთ ადამიანს კრისტოფერ ნოლანს შეუძლია. დასასრულის უამრავი ვარიანტი არსებობს, მე მხოლოდ საუკეთესოებს წარმოგიდგენთ

1.კობი ისევ ლიმბოშია

ფილმის ბოლოს კობი და საიტო პირისპირ საუბრობენ. ლიმბოში გატარებულმა დრომ, მათ თითქმის ყველაფერი დაავიწყა, თუმცა ნელ-ნელა იხსენებენ რა მოხდა. ბოლოს საიტო იღებს იარაღს და.. თუ საიტომ მხოლოდ კობი მოკლა, მაშინ იგი ლიმბოს უფრო ღრმა საფეხურზე გადავიდოდა, სადაც სავარაუდოდ თავისი ოცნების ილუზია ელოდა. ის ბრუნდება სახლში შვილებთან. ამ ვერსიას ამყარებს ის ფაქტი, რომ როდესაც ის თავის შვილებს ხედავს ბავშვები ზუსტად იმ პოზაში და იმ ტანსაცმელში არიან, როგორც კობმა ისინი ბოლოს ნახა. მანამდე იგი არიადნეს ეუბნება, რომ ის თავის მოგონებებში ვერ ხედავს ბავშვების სახეს, რადგან ვერ მოასწრო ნახვა. ხოლო მალის ილუზიაში უარს ამბობს სახეების ნახვაზე, რადგან მიაჩნია რომ ილუზიაა. ლიმბოს ასეთ ღრმა საფეხურზე შეიძლება, მან შექმნა ილუზია სადაც ყველაფერი ისეა როგორც მას სურს. დააკვირდით ფილმის ბოლოს როდესაც კობი თავის ბზრიალას მაგიდაზე აბზრიალებს, ის არ ელოდება წაიქცევა თუ არა სათამაშო. მისთვის სულ ერთია ის ილუზიაშია თუ რეალობაში.

2.კობი ნამდვილად დაბრუნდა შვილებთან

თუ საიტომ გაანალიზა ის, რომ ისინი სიზმარში არიან, მოკლა კობი და შემდგე თავი მოიკლა, ეს სავარაუდოდ მათ ლიმბოდან პირდაპირ ყველა სიზმრის დონის გამოტოვებით(რადგან სხვა სიზმრები ”დანგრეული” იყო), მათ პირდაპირ თვითმფრინავში დააბრუნებდა. თუ გავითვალისწინებთ საიტოს სახეს როდესაც ის თვითმფრინავში ტელეფონზე რეკავს, ეს ვერსია საკმაოდ რეალურია. მე რამდენადაც გავიგე პროექციით მანიპულირება შეუძლებელია, ანუ გამორიცხულია, რომ კობის სპეციალურად ”გაეჩალიჩებინა” საკუთარი თავისთვის ასეთი დახვედრა. ასევე ვირაცის საინტერესო არგუმენტს წავაწყდი ამ თეორიაზე, რომელიც მე არ შემიმჩნევია. კობის ნიშნობის ბეჭედი მხოლოდ რეალურ სამყაროში უკეთია, სიზმარში ის მას არ ატარებს, ბოლოს სცენაში კი ის ბეჭდითაა.

3.Inception კობს გაუკეთეს

კიდევ ერთი მშვენიერი ვერსია რომელიც არაფრით გამოირიცხება. დააკვირდით კობის მამის საუბარს. პარიზში ის სთხოვს კობის რომ ”რეალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს”, აეროპორტში ეუბნება, რომ ”კეთილი იყოს მისი დაბრუნება”. შეიძლება მთელი გუნდი ცდილობს არა ფიშერის გონებაში იდეის ჩანერგვას არამედ კობის თავში ახალი აზრის შექმნას. ეს ყველაფერი შეიძლება იუსუფთან მიწისქვეშეთში დაიწყო. როდესაც იუსუფტან კობი სიზმრიდან გამოდის, სახეში წყალს ისხამს და ბზრიალას დახმარებით ცდილობს გაიგოს რეალურ სამყაროშია თუ სიზმარში, მას ბზრიალა უვარდა და მას შემდეგ ფილმში ფინალურ სცენამდე კობი ერთხელაც აღარ ჩანს იყენებს ბზრიალას. ანუ შეიძლება ის რაც იუსუფის შეხვედრის შემდეგ ხდება სიზმარია და კობის თავში იდეის ჩანერგვის მცდელობაა, ფიშერი შეიძლება იყოს გამოგონილი პიროვნება ან ადამიანი რომელიც უბრალოდ გამოიყენეს კობის გონებაში ღრმად შესაღწევად. ეს ვერსია კარგი იმ მხრივ, რომ არიადნემ კარგად იცის კობის პრობლემების შესახებ და შეუძლია მასთან ბრძოლა. შეიძლება კობის ჩაუნერგეს იდეა, რომ ის არ არის ცოლის სიკვდილში დამნაშავე და შესაბამისად მას შეუძლია ბედნიერად იცხოვროს(ფინალში როგორც ხდება), ან არიადნემ უბრალოდ ტანჯვა ააცილა კობის და ოცნების ლაბირინთი შეუქმნა, იდეალური პარადოქსი რომლიდანაც კობი ვერასოდეს გამოვა და ბედნიერი მოკვდება.

ძალიან დავიღალე ამდენი წერით. ბოლოს მხოლოდ ჩემს აზრს დავწერ ფილმის ფინალზე. რა მნიშვნელობა აქვს დასასრულს, ფაქტია რომ ნოლანმა მიზანს მიაღწია. ვინც ეს ფილმი ნახა ყველა მასზე საუბრობს, ყველა ცდილობს გაიგოს რა მოხდა, ფაზლი გონებაში ააწყოს და იდეალური სურათი მიიღოს, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. არ არსებობს მასზე ერთი კონკრეტული პასუხი. ვერასოდეს გავიგებთ რა მოხდა სინამდვილეში, ისევე როგორც ვერ გავიგებთ მატრიცაში ნეო კვდება თუ არა, ვერ გავიგებთ ლეონარდ შელბი ცოლის მკვლელია თუ შეშლილი შურისმაძიებელი, ვერ გავიგებთ ”ყველაფერი კარგად იქნება” კამეჩის ფლოქვია თუ ნარდში შაში-ჩარით კარის ჩაკეტვის საუკეთესო საშუალება. ეს ფილმი არის იდეალური Inception რომელიც კრისტოფერ ნოლანმა ჩვენს გონებაში განახორციელა. შესანიშნავი ნამუშევარია, რომელიც რაღაც ახალი, სიცოცხლისმონტანია ამ უსიცოცხლო კინოეპოქაში. XXI საუკუნეს ორიგინალური სიზმრები ჭირდება. თორემ ამდენმა სიქველმა,რიმეიკმა, პრიკველმა და კომიქს-თამაშ-წიგნების ადაპტაციამ წალეკა კინო.

პ.ს კრისტოფერ ნოლანმა სახელებიც კი გენიალურად შეურჩია პერსონაჟებს. კოტიარის პერსონაჟი, მალი ეშმაკს თუ დემონს ნიშნავს. არიადნე მითოლოგიური პერსონაჟია რომელიც თეზევს მინოტარვის დამარცხებაში დაეხმარა ლაბირინთში. ამ ფილმში კი ელენ პეიჯის პერსონაჟს რა საერთო აქვს ლაბირინთებთან ყველამ კარგად ნახა.

“ოქროს გლობუსის” მაძიებლები

15 დეკმებერს 2010 წლის “ოქროს გლობუსის” მაძიებელთა სია გამოქვეყნდა. ნომინანტთა სიაში რამდენიმე მოულოდნელობაა. Hurt Locker–ის ხილვა, The Road–ის იგნორირება და ა.შ

Up in the Air

ქვევით შედარებით დაწვრილებით ჩემო პროგნოზები :

საუკეთესო მხატვრული ფილმი – დრამა
ნომინანტები:
Avatar (2009)
Inglourious Basterds (2009)
Precious: Based on the Novel Push by Sapphire (2009)
The Hurt Locker (2008)
Up in the Air (2009)

Avatar,  Titanic–ის რეჟისორის რევოლუციური ნამუშევარია, რომელსაც კრიტიკოსები ადიდებენ, სპილბერგი XXI საუკუნის მოვლენას ეძახის, ვინც ნახა კიდევ შთაბეჭდილების ქვეშაა.

Juno–ს რეჟისორის ახალი ფილმი Up in the Air ერთ–ერთი მთავარი ფავორიტია წელს ყველა დაჯილდოებაზე, “ოქროს გლობუსზე” ყველაზე მეტი 6! ნომინაცია აქვს და დიდი შანსია 2–3 რელიზება მაინც მოახერხოს.

ტარანტინოს Inglourious Basterds არ ველოდი ნომინანტებში. მე პირადად ძალიან მომეწონა ფილმი და მიმაჩნია რომ უდაოდ წლის საუკეთესო ნამუშევარია(რა ფილმებიც ვნახე იმათ შორის), მაგრამ როგორც წესი ტარანტინოს არ სწყალობენ ხოლმე “გლობუსზე”, თან “უსახელი ნაბიჭვრები” ზაფხულში გამოვიდა, დასვენების სეზონის ფილმებს კი ნაკლებად რომ ნომინაცია მისცენ საუკეთესო ფილმის კატეგორიაში.

არც Precious–ის ხილვა ყოფილა გასაკვირი ამ სიაში. ეს ფილმი წლევანდელი Juno იქნება, არა შინაარსობრივად რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან უბრალოდ ერთ, მაქსიმუმ ორ ჯილდოს მისცემენ “გლობუსზეც” და “ოსკარზეც”.

აი Hurt Locker–ის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ხილვა კი შოკი იყო. ფილმი ნანახი მაქვს და საშუალოზე ოდნავ მაღალი დონის სამხედრო დრამაა, ზეგაცვეთილი ერაყის ომის თემატიკითა და საკმაოდ დამღლელი სიუჟეტით. რაც მართლა ძალიან მაგარია ფილმში ეს ოპერატორული ნამუშევარია და ატმოსფერო, თუმცა “გლობუსზე” ამისათვის ჯილდოს არ იძლევიან.

The Road, Lovely Bones, Single man,  Bright Star, Education და ა.შ ეს იმ ფილმების ჩამონათვალია რომლებსაც ყველაზე მეტად ვუწინასწარმეტყველებდი მე(და არამარტო მე) ბრძოლას საუკეთესო ფილმისათვის ნომინაციაში. The road, Lovely Bones და Bright Star ნომინაციის გარეშე დარჩნენ. Single man–მა 3 ხოლო Education–მა ერთი ნომინაცია მოიპოვა 2010 წლის დაჯილდოებაზე.

საუკეთესო მხატვრული ფილმი – მიუზიკლი ან კომედია
ნომინანტები:

(500) Days of Summer (2009)
It’s Complicated (2009)
Julie & Julia (2009)
Nine (2009)
The Hangover (2009)

Hangover

დებიუტანტი რეჟისორის მარკ უების ფილმი (500) Days of Summer წლის ერთ–ერთი ყველაზე ზედმეტად დაფასებული ფილმია ჩემი აზრით. კარგად გადაღებული მელოდრამაა და მეტი არაფერი. საუკეთესო ფილმის ნომინაცია ზედმეტია.

It’s Complicatedში მერილ სტრიპი, ალეკ ბოლდუინი და სტივ მარტინი ასრულებენ მთავარ როლებს. ეს სრულიად საკმარისია რომ ფილმი სასაცილო და კარგი გამოვიდეს.
Julie & Julia–აც ტყუილად შეიყვანეს ამ სიაში, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ წელს არაფერი არ უნახავთ სიის შემდგენლებს და ალალ ბედზე დაწერეს ფილმები. “ნახე აქ მერილ სტრიპი თამაშობს და უეჭველი კარგი ფილმი იქნება” ლოგიკით.

რობ მარშალის Nine–ს ნახევარი კინო სამყარო ელის(ელოდა). ფელინის “რვანახევრის” მიხედვით დადგმული მიუზიკლი რომელშიც მთავარ როლს დენიელ დეი ლუისი ასრულებს. ჩემდა გასაოცრად კრიტიკოსებმა მიწასთან გაასწორეს ფილმი და კიდევ უფრო გასაოცრად საშინელი რევიუების შემდეგ ფილმმა არაერთი ნომინაცია მოიპოვა “გლობუსზე”. მე ჯერ არ მინახავს ფილმი და ჩემი აზრი არ გამაჩნია მასთან დაკავშირებით, თუმცა ძალიან მეპარება ეჭვი რომ ფილმი ცუდია.

The Hangover აიიიტ. მაგრად გამიხარდა ამ ფილმის ნომინანტა სიაში ნახვა. მართლა წლის საუკეთესო კომედიაა და მინიმუმ ნომინაციას მაინც იმსახურებდა “გლობუსზე”.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – დრამა
ნომინანტები:
A Single Man (2009) – კოლინ ფერტი
Brothers (2009) – ტობი მაგუაერი
Crazy Heart (2009) – ჯეფ ბრიჯესი
Invictus (2009) – ბორგან ფრიმენი
Up in the Air (2009/I) – ჯორჯ კლუნი

წარმოუდგენელია ფავორიტის დასახელება. ყველა ნომინანტს თითქმის თანაბარი შანსი აქვს. საინტერესოა ვინ მოიგებს მაგუაერი თავისი კარიერის პერფომენსით, მორგან ფრიმენი ნელსონ მანდელას როლით, კოლინ ფერტი სუპერ თამაშით. შეიძება ჯეფ ბრიჯესის დრო დადგა, გაუგოს გემო “გლობუსს” ან ჯორჯ კლუნი მოიგებს რიგით მესამე ჯილდოს.

ვიგო მორტენსენი ნომინაციის გარეშე დარჩა. ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი The Road–ის ტრეილერის ხილვისა და რეცენზიების წაკითხვის შემდეგ.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – კომედია ან მიუზიკლი
ნომინანტები:
(500) Days of Summer (2009) -ჯოზეფ გორდონ ლევიტი
A Serious Man (2009) – მაიკლ სტულბარგი
Nine (2009) – დენიელ დეი–ლუისი
Sherlock Holmes (2009) – რობერტ დაუნი უმცროსი
The Informant! (2009) – მეთ დეიმონი

მე პირადად მთავარ ფავორიტად მეთ დეიმონს მივიჩნევ. დენიელ დეი–ლუისს არ მისცემენ ჯილდოს, ორი წლის წინ მიიღო და ასე სწრაფად არ “გაუმეორებენ”.  ლევიტს არავინ დაასუნინებს ჯილდოს, რობერტასა და სტულბარგს კი თანაბარი შანსები აქვთ.

საუკეთესო მსახიობი ქალი – დრამა
ნომინანტები:
An Education (2009) – კერი მალიგანი
Precious: Based on the Novel Push by Sapphire (2009) – გაბერეი სიდიბი
The Blind Side (2009) – სანდრა ბულოკი
The Last Station (2009) – ჰელენ მირენი
The Young Victoria (2009) – ემილი ბლანტი

ემილი ბლანტს ვბაშელიკობ მე. არ მაინტერესებს როგორ ითამაშა(არ მინახავს ფილმი ჯერ), უბრალოდ ეს გოგო მომწონს ძალიან და “გლობუსი” კი არა “ოსკარს’ მივცემდი ორს. :დ ისე კი ყველა ნომინანტს აქვს შანსი. გაბერეი სიდიბი მიმაჩნია მთავარ ფავორიტად, ოპრა უინფრი უმაგრეს ზურგს ამ გოგოს და მის ფილმს, თან უკვე ტრადიციად დამკვიდრდა ყოველ წელს ერთი შავკანიანი მსახიობის დაჯილდოება.

საუკეთესო მსახიობი ქალი – კომედია ან მიუზიკლი

ნომინანტები:
Duplicity (2009) – ჯულია რობერტსი
It’s Complicated (2009) – მერილ სტრიპი
Julie & Julia (2009) – მერილ სტრიპი
Nine (2009) – მარიონ კოტიარი
The Proposal (2009/I) – სანდრა ბულოკი

სანდრა ბულოკს(ასეა სწორი) 2!!! ნომინაცია აქვს წელს. თფუი ეშმაკს. : D მერილ სტრიპი მნიშნელობა არ აქვს თამაშობს თუ არა ფილმში, მაინც აძლევენ “გლობუსზე” ყოველ წელს ნომინაციას. ეს მისი 24–ე და 25–ე ნომინაციაა ბოლო 30 წელიწადში.  ჯულია რობერტსის გარდა ყველას აქვს გამარჯვების შანსი

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულება
ნომინანტები:
Inglourious Basterds (2009) – კრისტოფ უოლცი
Invictus (2009) – მეთ დეიმონი
The Last Station (2009) – კრისტოფერ პლამერი
The Lovely Bones (2009) – სტენლი ტუჩი
The Messenger (2009/I) – ვუდი ჰარელსონი

Christoph Waltz

კრისტოფერ უოლცი და წერტილი. შარშან ჰიტ ლეჯერი იყო უეჭველი ფავორიტი, წელს კი არანაკლები პერფომენსით კრისტოფერ უოლცია. ამ კაცმა რომ “გლობუსი” და მერე “ოსკარი” ვერ მოიგოს მაგრად გამიკვირდება.

ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულება
ნომინანტები:
A Single Man (2009) – ჯულიანა მური
Nine (2009) – პენელოპა კრუზი
Precious: Based on the Novel Push by Sapphire (2009) – მონიკა
Up in the Air (2009/I) – ვერა ფარმიგა
Up in the Air (2009/I) – ანა კენდრიკი

ალბათ ჯულიანა მურს აღირსებენ “გლობუსს”

საუკეთესო რეჟისორი
ნომინანტები:

Avatar (2009) – ჯეიმს კამერონი
Inglourious Basterds (2009) – კვენტინ ტარანტინო
Invictus (2009) – კლინტ ისტვუდი
The Hurt Locker (2008) – კეტრინ ბიგელოუ
Up in the Air (2009/I) – ჯეისონ რაიტმანი

ბიგელოუს გარდა ნებისმიერისგანაა მოსალოდნელი გამარჯვებულის სიტყვის წარმოთქმა 17 იანვარს.

საუკეთესო სცენარი
ნომინანტები:
District 9 (2009) – ნეილ ბლომკამპი; ტერი ტეჩელი
Inglourious Basterds (2009) – კვენტინ ტარანტინო
It’s Complicated (2009) – ნენსი მეიერსი
The Hurt Locker (2008) – მარკ ბოული
Up in the Air (2009/I) – ჯეისონ რაიტმანი;შელდონ ტერნერი

საუკეთესო სიმღერა
ნომინანტები
Avatar (2009) –  “I Will See You”.
Brothers (2009/I) – “Winter”.
Crazy Heart (2009) –  “The Weary Kind”.
Everybody’s Fine (2009) – “(I Want To) Come Home”.
Nine (2009) – “Cinema Italiano”.

ამაზე ფარჩაკი ნომინანტები ამ ნომინაციაში არასოდეს მინახავს “გლობუსზე”. Nine–ს საუნდტრეკის გარდა არაფრად არ ვარგა არცერთი, Avatar–ის საუნტრეკი Titanic–ის სელიონ დიონობაა. ის სამი საერთოდ ფუნაა.Karen O დატოვეს ნომინაციის გარეშე. არადა All is love ყველა ნომინანტს ერთად აღებულს ჯობია.

საუკეთესო მუსიკა
ნომინანტები
A Single Man (2009) – აბელ კორზენიოვსკი
Avatar (2009) – ჯეიმს ჰორნერი
The Informant! (2009) – მარვინ ჰამლიში
Up (2009) – მიკაელ ჯიაკ(ჩ)ენო
Where the Wild Things Are (2009) – Carter Burwell; Karen Orzolek კარტერ ბურველი. კარენ ოზოლეკი.

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი
ნომინანტები
Baarìa (2009)
Das weisse Band – Eine deutsche Kindergeschichte (2009)
La nana (2009)
Los abrazos rotos (2009)
Un prophète (2009)

საუკეთესო ანიმაციური ფილმი
ნომინანტები:
Cloudy with a Chance of Meatballs (2009)
Coraline (2009)
Fantastic Mr. Fox (2009)
The Princess and the Frog (2009)
Up (2009)

აქ Pixar მორიგ “გოლუბს” გაიფორმებს. Up-ს ვერ მოუგებს ვერცერთი.

დაველოდოთ 17 იანვარს. დიდი იმედი მაქვს მე რომ ოსკარზე უკეთესი ნომინანტები იქნებიან, რამდენიმე ფილმი ტყუილად დაჩაგრეს.

Signs

გენიალური 12 წუთიანი ნამუშევარი რომელმაც 2009 წლის კანის კინოფესტივალზე  ლომი მოიგო. Signs ასე ჰქვია პატრიკ ჰიუზის ფილმს.  მოკლე ისტორია ბიჭზე რომელსაც უჭირს საზოგადოებასთან ინტეგრირება, ნაკლებად კომუნიკაბელურია და ალბათ ამიტომაც მისი ცხოვრება ერთი დიდი რუტინაა, ერთადერთი მოქმედი პერსონაჟით, რომელიც თვითონაა. თუმცა ერთ დღესაც მის ცხოვრებაში ჩნდება გოგონა, რომელთან ურთიერთობაც ალბათ ერთ–ერთი უმშვენიერესი რამაა რაც წელს კინოფილმებში ვიხილე. ამ 12 წუთში მეტი სიყვარული, სითბო და სილამაზეა ვიდრე notebook–ისა და walk to remember–ის ტიპის ფილმებში, 2 სათი რომ იმას ცდილობენ იაფფასიან მომენტებზე გატირონ.

დატკბით

და მუსიკაც როგორი მშვენიერია

საქართველო(ს) “გაღმა” ნაპირზე

თედო 12 წლის ბიჭია. აფხაზეთიდანაა დევნილი. თბილისში დედასთან ერთად ცხოვრობს, რომელიც თავს სხეულის ვაჭრობით ირჩენს. თედოს მამას აფხაზეთში დარჩა ომის დროს. ბიჭი თავს ვულკანიზაციაში მუშაობით ირჩენს და შიგადაშიგ ხულიგნობასაც არ თაკილობს. წუპაკი და გოშკა მისი მეგობრები არიან.

გიორგი ოვაშვილმა ქართველებისთვის მძიმე თემას, აფხაზეთის ომს მოკიდა ხელი. სასიამოვნო ფაქტია როდესაც გამოდის მშობლიური პროდუქცია კინოთეატრებში და ნარკომანიის პრობლემებზე არ გიწევს ფილმის ყურება, არადა ბოლო წლებში ერთგვარ სტანდარტად იქცა წამლის მომხმარებელთა მთავარ პერსონაჟებად წარმოჩენა. ფილმში მთავარ როლს თედო ბექაური თამაშობს(ფილმშიც თედო ჰქვია), ეს სრულიად უცნობი ბავშვი თავის როლს ბრწყინვალედ ართმევს თავს და ნამუშევრის ღირსეული პროტაგონისტია.

თედო გადაწყვეტს მამის საძებნელად აფხაზეთში, ტყვარჩელში წავიდეს. რეჟისორი ცდილობს 90–იანი წლები მთელი თავისი “მშვენიერებით” გადმოსცეს მაყურებელს. ძარცვა, მანქანების გაქურდვა და აფხაზეტში გადაყვანა, განუკითხაობა საზღვარზე აფხაზეთში და ა.შ. ოღონდ ამას ისე აკეთებს, რომ ფილმის მთვარი იდეა არ დაიკარგოს.

მსახიობების თამაში ისევე როგორც სხვა თანამედროვე ქართულ ფილმებში, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ან ზედმეტად ხელოვნურია ყველაფერი, ან უბრალოდ ზღვარსგადასული პათოსითაა გამსჭვალული მსახიობის საუბარი. სამწუხაროდ მსახიობები ვერ გრძნობენ სად გადის ზღვარი კინოსა და თეატრს შორის. თუმცა არის რამდენიმე პერსონაჟი რომელიც ნამდვილად დასამახსოვრებელია ფილმში – ბერდია ინწკირველი(დაური) და თამარ მესხი(მარიამი) მათთვის გამოყოფილ მცირე ქრონომეტრაჟს მშვენივრად იყენებენ და დასამახსოვრებელ სახეებს ქმნიან.  რეჟისორიც რამდენიმე შეცდომას უშვებს, როდესაც რუსი დევნილის როლზე ამტკიცებს ბიჭს რომელიც მიშა ქარელსაც ვერ აჯობებს სლავური ენის ცოდნაში, ფილმს იწყებს ძალიან მძიმედ, გრძელი და მონოტორული კადრებით.

რეჟისორს რადიკალური პოზიცია არ აქვს არჩეული კონფლიქტის წარმოჩენისას. აფხაზები “ცუდი როჟები” არ არიან და არც სიკეთისა და სიყვარულის განსხეულებას წარმოადგენენ პირიქით დავარისა და ზიტას პერსონაჟებისადმი ყველაზე ცოტა სიბრალურის გრძნობა გაგიჩნდება ადამიანს.

ფილმს ტექნიკური წუნი აქვს. ფერები ხშირად ირევა ხოლმე, სუბტიტრებშ ხშირია გრამატიკული შეცდომები. ასეთი რამე მხატვრულ ფილმში არ უნდა ხდებოდეს, შენ–ის მაგივრად ბენ არ უნდა იწერებოდეს ეკრანზე.

სიუჟეტის მთავარი ხაზი კი თედოს ბილიკებს მიუყვება, თედო სიმბოლოა მთლიანად საქართველოსი. საქართველოც თვალებს ხუჭავს როცა უჭირს და ოცნებობს გამოსავალი თავად მოადგეს კარს, თედოსთან ერთად საქართველოა ის ქვეყანა რომელიც სხვის დაკრულზე გამალებით როკავს, გურჯისტანი მამის ძიებაშია, იმ პიროვნების რომელსაც არც კი იცნობს, მაგრამ იმედი აქვს, რომ შეიფარებს ,იმ სითბოსა და სიყვარულს აჩუქებს რომელიც სიძვა დედამ მოაკლო.

ფილმს საინტერესო ფინალი აქვს. დაუკმაყოფილებლობის გრძნობას ტოვებს, თითქოს არ სრულდება, ისევე როგორც საქართველოსა და აფხაზეთის პრობლემა არ დასრულებულა. ფილმის სათაურიც ზუსტად რომ 10–იანში მოარტყა რეჟისორმა. “გაღმა ნაპირს” ვეძახით აფხაზეთს და ამით ყველაფერია ნათქვამი. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია რელიქტებიღაა დარჩენილი იმ ურთიერთობისაგან რომელიც ოდესღაც აფხაზებთან გვქონდა, არადა გაუცხოება ეს კიდევ ერთი ნაბიჯია უკან სამეგრელოში. იქ სადაც შეიძლება საქართველოს საზღვარი გავიდეს, არა დეფაქტო სახელმწიფოსთან არამედ, ოფიციალურად აღიარებულ აფხაზეთთან.

 

 

 

 

 

არ იქნება ურიგო თუ კინოთეატრში ნახავთ, თვითონ შეაფასებთ ფილმს. გადასარევი ნამუშევარი არ არის, თუმცა ბოლო წლების ერთ–ერთი საუკეტესო ქართული ფილმია უდაოდ.

6/10

 

 

 

 

Georgian movie SeaZone

არ ვიცი მე მეჩვენება, თუ მართლა ესეა ბოლო ხანებში(უკანასკნელი 6 თვის მანძილზე) მემგონი იმაზე მეტი ქართული მხატვრული ფილმი გამოვიდა კინოთეატრებში ვიდრე მთელი 90–იანი წლების მანძილზე.

შემოდგომაზე მთლად გაიგიჟეს თავი რეჟისორებმა. “ყველაფერი კარგად იქნება”, “თბილისური lovestory”, “გაღმა ნაპირი” და “ნაზარეს უკანასკნელი ლოცვა” გამოვიდა “ამირანისა” და “რუსთაველის” ეკრანებზე.  ჰარლინი ჩამოვიდა და გადარია ქართველი ხალხი, აგერ მადლიერი ქართველი ერი ყველა დროის საუკეთესო რეჟისორებში ასახელებს ამ ხელოვანს. რამდენიმე დღის წინ პენელოპა კრუსისა და ხავიერ ბარდემის ჩამოსვლის ამბავი გაირკვა… აპოგეას მიაღწია ქართული კინემატოგრაფის წარმატებამ ან პოპულარული ქართულით რომ ვთქვა გვეშველა მემგონი.

“ყველაფერი კარგად იქნება”–ზე ჩემი აზრი დავაფიქსირე ერთ–ერთ წინა პოსტში, ეს მხატვრული ფილმის გარდა ყველაფერია. “გაღმა ნაპირზე” უახლოეს დღეებში დავწერ. დანარჩენი ორი ფილმი კი არ მინახავს ჯერ.

ჩემი პოსტი კი Seazone–ს ეძღვნება ფილმს, რომლის ტრეილერმაც მომხიბლა. არა სიმართლეს ვიტყვი ტრეილერი როგორც ასეთი ბანძია, 3 წუთი გრძელდება და აქედან 1,5 მოსაჭრელია, უბრალოდ იდეა მომეწონა მაგრად. 4 ქართველი ბიჭი რომელიც ბათუმში, ზღვაზე დასასვენებლადაა ჩასული ერთ დღესაც იღვიძებს და სრულიად მარტონი არიან აჭარის დედაქალაქში.   კარგია რომ ნარკომანებზე და კაი ბიჭებზე არაა ფილმი, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. თან ჭორის დონეზე გავიგე, რომ ფილმის ბიუჯეტი 1,5 მილიონი დოლარია, რაც ძალიან კარგი ფულია ქართული ფილმისთვის. ნამუშევრის პრემიერა მარტისთვისაა დაგეგმილი.

 

Seazone–ს ტრეილერი.

სამწუხაროდ youtube–ზე ვერ ვნახე ტრეილერი, myvideo–დან კი ვერ დავდე ლინკი.

 

 

დეკადის საუკეთესო ფილმები

დეკადის რჩეული მუსიკალური ალბომებისა და სიმღერების პრეზენტაციის შემდეგ ჯერი მხატვრულ ფილმებზე მიდგა.

ბევრი შესავლის გარეშე გაგაცნობთ, ჩემი აზრით XXI საუკუნის ტოპ 10 ფილმს(მხატვრულსაც და ანიმაციურსაც).

10)Borat: Cultural Learnings of America for Make Benefit Glorious Nation of Kazakhstan(2006)

არასოდეს არ მიცინია არც ერთ ფილმზე ისე როგორც Borat–ზე. საშა ბარონ კოენი(ბორატი) თანამედროვეობის ენდი კაუფმანია. სკანდალური, ამოუცნობი და ძალიან სასაცილო.

ფილმი თავიდან ბოლომდე არის არა ყაზახეთის არამედ ა.შ.შ.–ის მიწასთან გასწორება. მსოფლიო ჰეგემონის პოლიტიკის დაცინვა, მისი მოსახლეობის შავი იუმორის ტყლაპოში ამოსვრა. ნამუშევარი თავისი ფსევდო–დოკუმენტურობითა და გადაღების სტილით ორიგინალური და კიდევ უფრო მიმზიდველია.  ეს ფილმი არა დეკადის არამედ საერთოდ, ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო კომედია.

9)The Assassination of Jesse James by the Coward Robert Ford(2007)

ვინაა ენდრიუ დომინიკი? სად იყო ეს ნიჭიერი კაცი აქამდე, რატომ არ ირებდა ფილმებს? ეს ნამუშევარი წიგნს მაგონებს. მხატვრული ლიტერატურის კარგი შვილია. ფილმი თავისი ხანგრძლივი ქრონომეტრაჟის მიუხედავად ერთი წამითაც არ განდომებს დაძინებას, ფილმის გადახვევას ან რეჟისორის შეგინებას.  რასელის ეს ნამუშევარი მთლიანად ორი ადამიანის ისტორიას ეძღვნება, ორი პიროვნება რომელიც ჩვენს თვალწინ განიცდის ტრანსფორმაციას. უშიშრები იღლებიან ყოველდღიური ყოფისაგან, მშიშრებს შურთ, უორენ ელისი და ნიქ ქეივი კი ამ ყველაფერს თავიანთი ჰანგებით აფორმებენ. ოპერატორული ნამუშევარი ფენომენალურია. ბრწყინავლე კადრები, რომლებიც გატყვევებს და სურვილს გიჩენს ოპერატორი თუ არა კარგი ფოტოგრაფი მაინც გამოხვიდე. ბრედ პიტი და ქეისი აფლეკი ბრწყინვალე ტანდემს ქმნიან, უფრო ზუსტი ვიქნები თუ ვიტყვი რომ ზედგამოჭრილები არიან თავიანთი როლებისთვის.

8)Spring, Summer, Fall, Winter… and Spring(2003)

ფილმის დასაწყისში მოვკვდი და 90 წუთის შემდეგ მკვდრეთით აღვსდექი. მცხვენოდა ჩემი თავის,  მეზიზღებოდა ჩემი ცხოვრება, ჩემი ყოველდღიური ყოფა.

ზუსტად იგივე მოხდა მეორე ნახვაზე, მესამეჯერაც იგივე განმეორდა.  რიგით მეოთხე სეანსზე მივხვდი, რომ არ იყო აუცილებელი კიმ კი დუკის წალკოტში ცხოვრება რათა სულიერი ბედნიერებისთვის მიმეღწია. დავარწმუნე ჩემი თავი, რომ ეს მხოლოდ ფილმი და რეჟისორის ბოროტი ჩანაფიქრი იყო მოეხიბლა ყველა, შეეყვარებინა ყველასთვის ფილმი და უკარებად დარჩენილიყო ბოლომდე, თუმცა…

ბოლოს იყო ისევ პირველი სეანსი, ისევ გაზაფხული დადგა და ისევ მოვკვდი რეინკარნაციის მოლოდინში.

7)Pan’s Labyrinth (2006)

ხავიერ ნავარეტეს იავნანა მუდამ ჩამესმის ყურში როდესაც ეს ფილმი მახსენდება. გილერმო დელ ტორომ ფენომენალური სამუშაო გასწია, თავისი “ბინძური” ფანტაზიებში გახლართა ერთი შეხედვით საბავშვო ფენტეზის ისტორია, ზემოდან ომის საშინელება მოაყარა ნამუშევარს და ფავნას დახამრებით ჯადოსნური ფილმი გამოუვიდა. პატარა ოფელიას ისტორია, რომელიც ცდილობს არ დაიკარგოს ამ საზიზღარ და საშინელ სამყაროში. როდესაც საქმე Fantasy–ს ეხება თიტზე ჩამოსათვლელი რეჟისორებია რომლების გილერმო დელ ტოროს გვერდით დაყენება შეიძლება.

6)Ratatouille (2007)

Pixar–ზე არაერთხელ დამიწერია. ჩემი ფავორიტი ანიმაციური სტუდიაა, იქ მომუშავე პერსონალი წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო მაოცებენ თავიანთი კრეატიულობითა და გენიალურობით.  ძალიან ძნელია რომელიმე მათი ნამუშევრის გამორჩევა და საუკეთესოდ დასახელება, თუმცა რატატუი სხვა ანიმაციურ ფილმებს სულ ცოტათი მირჩევნია. მიზეზი ამისა მულტფილმის პერსონაჟებია. არა Pixar–ის სხვა მულტფილმებს არ ვუწუნებ მთავარ გმირებს, მაგრამ რემი, ეგო, ემილი და სხვები უბრალოდ განუმერებლები არიან. ფილმს აქვს ყველაფერი, აბსოლიტურად ყველაფერი იმისათვის რომ შედევრი იყოს. გასაოცარი ანიმაცია,  კარგი სიუჟეტი, იუმორი და სული, ის სული რომელიც ყველა cartoon–ს სჭირდება და ასე ძალიან აკლია dreamwork–ის მულტფილმებს ხოლმე.

5)HERO (2002)/V for Vendetta(2006)

10–ში რამდენიმე ბრწყინვალე ნამუშევარი ვერ შევიყვანე და კიდევ ერთის ამოგდება მომკლავდა :დ ამიტომაც მეხუთეზე ორი ფილმი გავიყვანე, ჩემთვის ორივე თანაბრად მნიშვნელოვანი და  საინტერესოა.

Hero ენგ ლიის  Crouching Tiger, Hidden Dragon–ის შემდეგ გამოვიდა, ამ ფილმის მთელი ესთეტიკა გადმოიტანა უფრო საინტერესო სიუჟეტი შემომთავაზა და გაცილებით მიმზიდველი პერსონაჟები შექმნა. ჟან იმოუს ეს ფილმი შედევრია. არ მინდა პოსტი ძალიან დიდი და დამღლელი გამომივიდეს, ამ ფილმს ოდესმე აუცილებლად მივუძღვნი ცალკე პოსტს სადაც დაწვრილებით ვისაუბრებ დეტალებსა და სიმბოლოებზე რომელიც ამ ფილმში უხვადაა გაბნეული.

V for Vendetta ალან მურის გენიალური კომიქსის ძალიან ძლიერი ადაპტაციაა. ეტყობა ძმები ვაჩოვსკების ხელი(Matrix–ის რეჟისორები). ყველაზე “რევოლუციური”  ფილმი რომელიც ბოლო 9 წელიწადში გამოვიდა.  ვიი გაი ფოუკსის ნიღბით ჩემთვის თავისუფლებისა და დაუმორჩილებლობის სიმბოლოა. “People should not be afraid of their governments. Governments should be afraid of their people” -V

4) Ghost in the Shell 2: Innocence(2004)

აუცილებლად მოუსმინეთ!

Matrix–ისამდე 4 წლით ადრე მამორუ ოშიმ შექმნა ანიმე რომელიც ჩემთვის პირადად “სამაგიდო” sci-fi ნამუშევარია.  სიტყვებით შეუძლებელია იმ ატმოსფეროს გადმოცემა რომელიც ამ ფილმშია. ყურებისას თვალწინ არაერთი ფილმი წარმოგიდგებათ Blade runner–იდან დაწყებული, I robot–ით დამთავრებული. ეს არის გენიალური სცენარისა და იდეის ბრწყინვალე ეკრანიზაცია. ყველაზე მაგარი ისაა, რომ პირველი Ghost in the Shell არ შემყავს დეკადის საუკეთესო ფილმებში, ნომერ მეოთხე ადგილს მეორე ნაწილს,Innocence, ვანიჭებ. ძალიან, ძალიან იშვიათად რომ ფილმის სიქველი უფრო მეტად მომეწონოს ვიდრე პირველი ნაწილი, როგორც წესი გაგრძელებები ფულის მოსახეკად ნაცოდვილარი ნამუშევრებია, მიხარია რომ გამონაკლისები არსებობს. თამამად შემიძლია ვთქვა(დავწერო) რომ მამორუ ოშის ეს ნამუშევარი ჰაიაო მიაძაკის  Princess Mononoke–სთან ერთად ყველა დროის საუკეთესო ანიმეა.

3)The Diving Bell and the Butterfly(2007)

2008 წლის ოსკარებზე ჯულიან შნაბელის ეს ფილმი რომ არ წარადგინეს ძალიან დამწყდა გული, თუმცა ბოლო წლებია შევევჩვიე რომ უცხოენოვანი ფილმისათვის ოსკარს თითქმის არასოდეს აძლევენ იმ ფილმს, რომელიც იმსახურებს City of god, Amelie,  Pan’s Labyrinth ყველა ეს ფილმი უოსკაროდ დარჩა და თან თავიანტზე გაცილებით სუსტ ფილმებთან წააგეს.

შნაბელი იანუშ კამინსკის დახმარებით(ოპერატორი) ორი საათით “გვაინვალიდებს”. ჟან დომენიკ ბობი თითოეული ჩვენთაგანი ხდება და მასთან ერთად წერს წიგნს, მასთან ერთად ოცნებობს ისევ მოეფეროს შვილებს, საყვარელს ცოლის დახამრების გარეშე ესაუბროს, ჩვენ მზად ვართ ვიქცეთ პეპელად თუნდაც 3 დღე ვიცოცხლოთ, ოღონდ კი თავი დავაღწიოთ ამ “უმძიმეს” სკაფანდრს.

2)The Fountain((2006)

ძალიან ბევრჯერ მაქვს ეს ფილმი ნანახი და თითოეული სეანსის შემდეგ სრულიად სხვადასხვა ადგილი ექნებოდა ამ ფილმს ჩემს ათეულში, ზოგიერთი ნახვის შემდეგ კი საერთოდ არ ექნებოდა. დარენ არონოფსკი ამდენ სიმბოლოს და ასე ცოტა გასაღებს მაძლევს, რომ გავიგო ყველაფერი. არადა მეც მსურს დავეწაფო სიცოცხლის ხეს, შევიგრძნო სიყვარულისა და უკვდავების გემო, ვეზიარო შიბალბას ფენომენს და კლინტ მენსელი Mogwai–სთან ერთად არ წყვეტდეს most amazing music score–ს შესრულებას.  ალბათ სწორედ ამიტომ მომწონს ასე ეს ფილმი, რომ ბოლომდე ვერ გავფატრე და გამოვიკვლიე იგი.

1)Oldboy(2003)

“Even though I’m no more than a monster – don’t I, too, have the right to live?”

პირველად ვუყურებ ამ ფილმს. დაწყებიდან 5 წუთში დავასტოპე ღრმად ჩავისუნთქე, “ბლინ საღოლ ნაითი(მან მირჩია ეს ფილმი) რაღაც კარგი ჩანს” გავიფიქრე.  ნახევარი საათის შემდეგ მოწყვეტილი ვარ სამყაროს, მე ჩან ვუკ პარკს ვლოცავ და ვლოცლუობ ფილმი კიდევ დიდხხანს გაგარძელდეს. აი დაე სუ ჩაქეუთით ხელში მიიკვლევს გზას ლიფტისაკენ. კვლავ ვაპაუზებ ფილმს… “სრულყოფილი სცენააა, ორიგინალური და სისხლისგამყინავი, თან რა მუსიკაა” გავიფიქრე მე. ფილმი დასასრულს მიუახლოვდა. ფინალი გამაოგნებელია, უბრალოდ შეუდარებელი, ბოლო 15 წუთი მინდა ჩემი გადაღებული და მოფიქრებული იყოს, მშურს რეჟისორის.

თუმცა ფილმის ყურებას მაინც ვაგრძელებ, ტიტრებს ბოლომდე ვუყურე, მძიმე ნაბიჯებით გამოვედი ოთახიდან. ჩემს ძმას ვთხოვე ფილმი ენახა მე კი ენა მოვიჭერი, ეს იყო ერთადერთი რისი გაკეთებაც მიზანშეწონილად ჩავთვალე.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

The Dark Side of the Moon

1973 წელს Pink Floyd–მა თავისი, კომერციულად ყველაზე მომგებიანი ალბომი,The Dark Side of the Moon გამოუშვა. 2112 წელს სემ ბელმა(სამ როკუელი) პირადად იგემა საკუთარ ტყავზე მთვარის ბნელი მხარე.

ახალბედა რეჟისორი დანკან ჯონსი გვიხატავს მომავალს, XXII საუკუნეს, კომპანია Lunar Industries მთვარეზე  ჰელიუმ 3–ის მოპოვებითაა დაკავებული. რომელსაც დედამიწაზე ენერგიის წარმოებისთვის იყენებს. კომპანიას ერთადერთი თანამსრომელი ჰყავს მთვარეზე, სემ ბილი, რომელსაც სამწლიანი ვადის გასვლამდე 2 კვირა აქვს დარჩენილი.

პირველივე კადრში სადაც სემი ჩანს მას აცვია ყვითელი მაისური რომელზეც მსხვილი შრიფტით წერია WAKE ME. სწორედ ამ ეპიზოდიდან იწყება სემის “გამოღვიძება”. წარმოიდგინეთ ადამიანი რომელიც მარტოა მთვარეზე, ჰყავს ერთადერთი თანამოსაუბრე გერტი, ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი, უვლის ყვავილებს, აკეთებს მაკეტს, წერს და დედამიწაზე გზავნის ვიდეოებს თავისი მეუღლისა და პატარა ბავშვისთვის. სემ როკუელი მოახერხა და ეკრანთან მიმაჯაჭვა თავისი პერფომენსით. მეც მთვარეზე ვიყავი, მეც ვიჯექი ჰარვესტერში, მეც შემემთხვა ინციდენტი რომლის შემდეგაც მეორე მე, ჩემი თავი ვნახე.

დანკან ჯონსს კი არა უფრო დიდ რეჟისორებს გაუჭირდებოდათ 5 მილიონად sci-fi–ს გადაღება, რომელიც ასე რეალისტიკური და მიმზიდველი იქნებოდა მაყურებლისთვის. ატმოსფეროს შექმნაში უდიდეს როლს თამაშობს კლინტ მენსელის მუსიკა და დეკორაციები რომლებმაც რატომღაც სტელნი კუბრიკის 2001: A Space Odyssey გამახსენა. საერთოდ რეჟისორს ეტყობა, რომ “კოსმოსური ოდისეის” დიდი მოყვარულია, სემ ბელი დეივ ბოუმენს მახსენებს, გერტი კი HAL 9000-ს.

ნამუშევარი საკმაოდ მძიმე საყურებელია, რიგ ეპიზოდებში რეჟისორს ეტყობა გამოუცდელობა და ერთფეროვან არაფრისმომცემ კადრებსა და მომენტებს გვთავაზობს, თუმცა სემ როკუელის საქებრად უნდა ითქვას რომ oscar worth პერფომენსი აჩვენა. საოცრად გადმოსცა ადამიანის სახე რომლის ერთადერთი “მტერი” კოსმოსში მისივე თავია. გერტი რომელსაც კევინ სპეისი ახმოვანებს, იდუმალი რობოტია, იგი თავის განცდებსა და ემოციებს სმაილებით გადმოსცემს და მთელი ფილმის ვერ ხვდები ეკრანის მიღმა რომელზეც ყვითელი ფიგურები ერთმანეთს ეცვლებიან რა იმალება,  ადამიანის ეს ქმნილება ვის მხარეზეა. რეჟისორმა შექმნა პერსონაჟი რომლის თითოეული ნაბიჯის გასაგებად თავის მტვრევა გიწევს მაყურებელს.

ძალიან ძნელი გამოდგა ამ ფილმზე დაწერა, არ მინდოდა დამესპოილერებინა და ამიტომაც რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ეპიზოდს არ განვიხილავ, რომელსაც მეგობრების ვიწრო წრეში საწურში გავატარებ. :დ

ფილმი ბოლო წლების ერთ–ერთი საუკეთესო Sci-Fi ნამუშევარია, მინიმალური ბიუჯეტით გადაღებული ფილმი, რომელიც წლების შემდეგაც შეძლებს და მიიზიდავს მაყურებელს.

9/10

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Without Passion You are already dead

სწავლის დაწყებამ და პირიქით სამუშაოს გარეშე დარჩენამ წელში გამწყვიტა :დ ძალიან მეზარეობდა ბლოგზე რაიმეს დაწერა, თუმცა დღეიდან  ძველებურ ტემპს დაუბრუნდება ჩემი ბლოგი.

ჩემი მეგობარი ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს, დღეს საგნებს ირჩევდა და გაოცებული დავრჩი ისეთი საგნები ისწავლება მანდ.

“დემონოლოგია, ჯადოქრობა და ჯადოქრობები კულტურაში”

“გმირები, ღმერთები და ურჩხულები”

“გამოჩენილ მწერალთა სატრფიალო თავგადასავლები და მათი ასახვა ლიტერატურაში”

“ლამაზი და მახინჯი, ბორიტი და კეთილი, ქალი და მამაკაცი”

“სხეულის თავგადასავალი, ევროპული და ქართული ვერსიები”

“რა არის პოეზია? პოეტები და მუზები”

“შესავალი რომანტიკაში”

“შესავალი ელექტროაკუსტიკურ მუსიკაში”

“შესავალი პოპულარული მუსიკის წარმოშობისა და განვითარების ისტორია”

“როკ–მუსიკის სტილების ისტორიული მიმოხილვა”

“მუსიკა კინოსა და თეატრში”

“იდეების ისტორია”

“ფანტასტიკა ევროპულ ლიტერატურაში”

“ლიტერატურა და კინოხელოვნება – მსოფლიო ლიტერატურის შედევრების ცნობილი ეკრანიზაციები”

და ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ საგნებისა რომელთა გავლა ნებისმიერ ჭავჭავაძელს შეუძლია.  ძალიან ძალიან დამაინტერესა 20–მდე საგანმა მაშინ როცა თსუ–ში წელიწადში 2 საგანი ნუ მიმიზიდავს თავისი სახელით ხოლმე, ვაპირებ დავესწრო ამ ლექციებს(3–4 საგანს) და ვნახო კურსი ისეთივე საინტერესო თუ იქნება როგორიც სახელია.

ეს ამბავი ერთგვარი შესავალია ჩემი მტავარი სათქმელისა. ზემოთ ჩამოთვლილი საგნების განხილვისას თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო თითოეული, ყველაზე დიდი ხანი  “ლიტერატურა და კინოხელოვნება – მსოფლიო ლიტერატურის შედევრების ცნობილი ეკრანიზაციებს” დავუთმეთ. რა არ გავიხსენეთ საყვარელი ეპიზოდები ფილმებიდან, ფრაზები, მუსიკა და ა.შ

სახლში რათქმაუნდა სამარშუტო ტაქსითი წამოვედი გზაში კვლავ ამ საგანს უტრიალებდა ჩემი გონება.

კლინტ მენსელის Death is the Road to Awe ჩაირთო, ალექს დე ლარჯმა წინ გადამირბინა, მაკმერფიმ კალათში ბურთი ისროლა, რალფ ფაინსმა ფანჯრიდან ბავშვს ესროლა. უცებ გაისმა სემუელ ელ ჯექსონის ხმა Do you know what the scariest thing is? To not know your place in this world, to not know why you’re here. ლეონარდ შელბიმ კიდევ ერთი ტატუ დაიმატა სხეულზე, რუფუს სიუელი კიდევ უფრო ჩაიძირა Dark City–ს ბინძურ სამყაროში, რობინ უილიამსი მიხვდა რომ თვითონ იყო Fisher King. ახალი და ახალი სახეები ჩნდებოდნენ ჩემს წინ, უეცრად ფილიპ სეიმურ ჰოფმანმის მიერ ნათქვამ ფრაზას მოვკარი ყური, რომელიც რობერტ დე ნიროს მიაძახა:Darling, I am more man than you will ever be, and more woman than you will ever get .ამ ფრაზას დიდი მითქმა–მოთქმა მოჰყვა, თუმცა ჰოლი ჰანტერმა განმუხტა სიტუაცია როდესაც პიანინოს მიუჯდა. პიანინოს რომელსაც შიშველი ჰარვი კეიტელი ნაზად უსვამდა ტილოს,  ფორესტ გამპმა ცეკვა დაიწყო, ნიკოლ კიდმანმა და ევან მაკგრეგორიმ სიმღერა.

Death is the Road to Awe ნელ–ნელა დასასრულს უახლოვდებოდა, კლინტის მუსიკამ ყველა მოაჯადოვა და დაადუმა. კრისტიან ბეილი ბავშობაში გადაეშვა, დედის ტუჩებს თითებით შეეხო და მხოლოდ ასე იცნო მშობელი, დაე სუს თავი ჰქონდა დახრილი, ხანდახან ამოიხედებოდა და გიჟივით იღიმოდა, დონი დარკო კურდღელს მისჩერებოდა, ვუდი ალენი ენი ჰოლიზე ოცნებობდა. 53 წამი რომ იყო დარჩენილი მენსელის მუსიკის დსრულებამდე , V(ვიი) ადგა, ჯოხი აღმართა. სამარისებულმა სიჩუმემ დაისადგურა. უეცრად გაისმა აფეთქების ხმა, მუსიკა და ცეცხლის ალი აირია ერთმანეთში. მე დავინახე Big fish–ი, შესასვლელი City of god-ში, მე ვიგრძენი როგორ მოვხვდი Fargo–ში და როგორ დაიწყო ბაყაყების წვიმა. ჩემი გადარჩენა სცადეს დეკარდმა, რეპლიკანტებმა, ვინსენტ ვეგამ და ჯულიუს უინფილმდა. მე Matrix–ში მოვხვდი საიდანაც ენჯიმ და ბორდენმა დამიხსნეს და ნაპოლეონ დინამიტთან მიმიყვანეს რომელმაც მხოლოდ ეს მითხრა: This is pretty much the worst video ever made.

გაოფლილს გამეღვიძა, “მარშუტკა” თითქმის ჩემს სახლთან იყო მისული. ძალიან ხშირად ვიძნებ ტრანსპორტში, მაგრამ ასეთი სიზმარი პირველად ვიგემე.

როცა ოცნებას პრობლემასთან ბრძოლა ჯობია

კენ კუეფიზი რეჟისორი რომ იყო ფილმით He’s Just Not That Into You გავიგე. ამ ნამუშევრამდე ღირებული არც არაფერი ჰქონდა გადაღებული. ფილმის სიუჟეტი მთავარი პერსონაჟის გარშემო ვითარდება – ბენი(ბრედლი კუპერი) და ჯანინი(ჯენიფერ კონელი) ცოლ-ქმარნი არიან, ერთმანეთი კოლეჯიდან უყვართ და უკვე რამდენიმე წელია ერთად არიან. ანა(სკარლეტ იოჰანსონი) დამწყები მომღერალია, რომელიც ბრუსთან სერიოზულ ურთიერთობას გაურბის, ბრუსი ალექსის(ჯასტინ ლონგი) მეგობარია, ალექსი ბარის მფლობელი მექალთანეა, რომელმაც ყველაფერი იცის ქალების სუსტი წერტილების შესახებ და ყველა იმ ფანდს ფლობს რომლსაც მამაკაცი ქალის “შესაბმელად” შემდეგ კი “გადასადგებად” იყენებს, ის ამ ტექნიკას ჯიჯის უზიარებს, ეს უკანასკნელი მამაკაცი პარტნიორის ძიებაშია, რომელტანაც ურთიერთობას შეძლებს, მაგრამ რატომრაც მას ყველა გაურბის, ჯიჯის უფრო სამსახურში ბეტია(ჯენიფერ ანისტონი), რომელიც 7 წელია საყვარელ მამაკაცთან,ნეილთან(ბენ აფლეკი) ერთად ცხოვრობს, რომელიც სასტიკი წინააღმდეგია ქორწინების, რადგან მსგავსი პროცედურები სრულიად ზედმეტად მიაჩნია. მერი(დრუ ბერიმორი) თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ცდილობს სასურველი მამაკაცის პოვნას.

ყველა გმირი ერთმანეთს უკავშირდება და მთელი ფილმი რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობენ.

1)თუ ბიჭი პირველი პაემნის შემდეგ არ გირეკავს

მემგონი იმაზე ოცნება, რომ მას ბებია მოუკვდა ან შენი ნომერი დაკარგა სრულიად ზედმეტია. ჯობია უბრალოდ გაანალიზო, რომ დაგიკიდა და შენ ანალოგიური პასუხი გასცე.  ძალიან მოგეწონა?  შენ რომ დაურეკო ამით ვერაფერს ვერ შეცვლი, ყველაზე კარგ შემთხვევაში ერთ-ორ სექსუალური აქტის პორციას მიიღებ.

2) შენზე არ ქორწინდება

განა ასეთი მნიშვნელოვანია ჯვრისწერა ან ხელისმოწერა? საყვარელ ადამიანს უნდა ენდობოდე და ამ ნდობის გაფორმება არაა აუცილებელი. საყვარელ ადმიანთან ერთად შვიდი წელი ცხოვრობ და რით გჯობიათ ოფიციალური ცოლ-ქმრები? ერთმანეთს უკეთესად იცნობენ, უფრო მეტად უყვართ, მამაშენის საყვარელი საჭმლის რეცეპტს ფლობენ თუ   უბრალოდ უღელში არიან შებმულები რომლიდან გამოსვლაც პრობლემებთანაა დაკავშირებული. თუ მზად არ ხარ მასთან სექსი გქონდეს, შვილი გააკეთო ან გაუჩინო, მაშჲნ ჯობია დაფიქრდე არის კი ეს ის ადამიანი რომელთან ერთად მთელი ცხოვრების გატარებაზეც ოცნებობ?

3) თუ ქალი შენთან არ წვება

გადის თვეები თქვენი ურთიერთობა კი კვლავაც პაემნისა და კოცნის სტადიაზეა. დროა დაფიქრდე რა სურს ქალს შენგან, თუ ქორწილს ელოდება ჯობია დროზე შეჩერდე, შენ მისთვის უბრალოდ “საიმედო” თავშესაფარი იქნები და სხვა არაფერი.

4)თუ ის სხვასთან გღალატობს

პრობლემა უპირველესყოვლისა შენს თავში უნდა ეძიო, მითუმეტეს მაშინ თუ ღალატის შესახებ მეუღლე თვითონ გამოგიტყდა, ე.ი  შენ შეიცვალე, აღარ ხარ მისთვის მიმზიდველი, ისეთი მხიარული როგორიც იყავით, ნელ-ნელა იხსებენ, რომ სექსი არ გაქვთ უკვე დიდი ხანია და ხვდები, რომ შენც უღალატე შენს მეუღლეს. მზად ხარ აპატიო მას ეს ყველაფერი და სცადოთ თავიდან ყველაფრის დაწყება, მან ხომ აღიარებით და თავისი სიმართლის თქმით დიდი ნაბიჯი გადმოდგა შენკენ.

დრო გადის ჩვენ ნელ-ნელა ვიცვლებით, იცვლება ჩვენი შეხედულებები, გემოვნება, სურვილები. ბავშვობაში როდესაც გოგოს ურტყამდა ბიჭი ეს სიყვარულის ნიშანი იყო, თინეიჯერობისას ოცნების კოშკებს ვაგებთ ოცნების პრინცსა და პრინცესაზე.  სწორედ ამ ეტაპზე იწყება ტყუილებისა  ის სერია, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გრძელდება. “არ დაგირეკა?, დაიკიდე უკეთესი გამოჩნდება”, “მაგრად მოსწონხარ და მაგიტომ არ გიმჩნევს”, “ცივად გელაპარაკა?გრძნობებს მალავს და მალე გამოგიტყდება სიყვარულში”. ცდილობ თავი დაიმშვიდო, მეგობრებიც მხარს გიბამენ და ერთად იძირებით სიცურის მორევში. ცხოვრების პირველ დარტყმასთან ერთად კიდევ უფრო მეტად ცდილობ შვება იპოვო იქ სადაც არ უნდა ეძებო. “შენი ღირსი არ ყოფილა თუ ეგრე გითხრა”, “უკეთესს იმსახურებ”, “ყველა კაცია ერთნაირია, გიღალატებსთო ხომ გეუბნებოდი”.  ცხოვრების რაღაც ეტაპზე ხვდები ადამიანს, რომელიც შენს ნებისმიერ პრინციპზე უარს გათქმევინებს, ჯვარსაც დაიწერ, ახალ სახლსაც იყიდი და სხვა ქალებსაც მიაგდებ, უბრალოდ ამ ქალის(კაცის) გამოჩენამდე შენი ცხოვრება ნეხვის კასრს არ უნდა ჰგავდეს.

ზოგს myspace-ით გაცნობილი ნაშა გვინდა, ზოგს facebook– ზე აღმოჩენილ ოცნების უფლისწულთან ცხოვრება, ვიღაცას ის დრო ენატრება როცა მხოლოდ ტელეფონი იყო კომუნიკაციის საშუალება და საათობით ლაპარაკობდა სრულიად უცნობ ადამიანთან, ვიღაცას ისეთი მეუღლე სურს რომელიც სიგარეტის მოწევას არ დაუშლის, ვიღაცას ისეთი ქმარი რომელიც სიგარეტს რომ ეწევა მას არ დაუმალავს. მიზანია ყველგან ერთია  ყველას ჰეფი ენდი გვსურს.

სასიამოვნოდ გავატარე დრო ამ ფილმის ყურებაში. გირჩევთ თქვენც ნახოთ

7/10

ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

დაბეჩავებული ანუ ფრიად დაღლილი

ვძევარ სახლში.  დავიღალე უზომოდ, მეძინება მაგრად, მშიოდა მთელი დღე, თავი მტკიოდა დილიდან, ტვინი დამეღალა ძლიერ.

19 წელი არსად მიმუშავია, ოქტომბრიდან შეიძლება 3 სხვადასხვა საქმე ვაკეთო, ერთი თვეა ყველაფრისგან სასაცილო მასალის მიღებას ვცდილობ, 34 თვეა წვერი არ გამიპარსავს.

ამწუთას ვუსმენ Cardigans -Carnival, გუშინ ვნახე Bienvenue chez les Ch’tis, ხვალ მაგრად გამოვიძინებ.

ასათიანს “პროფილისთვის” ვაგინე(უკვე მერამდენედ), კომედი სენთრალი ვადიდედე(ესეც არ მომხდარა პირველად) South Park-ისთვის , რადიო “არ დაიდარდო” დავწყევლე,   სტივენ სპილბერგი კი დავლოცე არსებობისთვის.

მაგრად მკიდია საქართველოს ფეხბურთის მომავალი, გული შემტკივა ამ სიცხეში შაურმის გამყიდვლებზე, ძალიან მაინტერესებს ოქტომბერში “იმედიდან” რა პასუხები მივიღებ.

ეხლა წავედი სპილბერგზე რამდენიმე კოხტა(:დ) ფილმი ამომიტივტივდა გონებაში და ვუყურებ ბარემ.