Archive for the ‘shrek’ Tag

ზაფხულის ცუდი რიმეიქი

დღეს მომინდა რაიმე დამეწერა ჩემს ბლოგზე. ბევრი არ მიფიქრია, პოსტის იდეა თავისით მოვიდა. 2010 წლის ფილმებზე დავწერ, იმ ნამუშევრებზე რომლებიც უკვე გამოვიდა.

დავიწყებ იმით, რომ საშინელი წელია. ცუდი, ძალიან, ცუდი ან თვაილაითი ფილმები გამოდის. ჰოლივუდი იდეების კრიზისშია და რა ეშველება არ ვიცი, ხსნა არ ჩანს. რამდენი წელია კინო ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია და მე არ მახსოვს ჰოლივუდში ამაზე სუსტი ზაფხულის სეზონი. კარგი ან სუპერ ფილმი ძალიან ძალიან ცოტა გამოვიდა.

უკეთესია მემგონი მივყვე და მეტ–ნაკლებად ყველა ფილმზე ვთქვა რამე.

1) Shit რიმეიქები

ჰოლივუდში რომ იდეების ნაკლებობაა ეს მარტო ჩემი სიტყვები არაა და არც რაიმე ახალს ვამბობ. რიმეიქი “დიდებული” გამოსავალია. აიღებ რაიმე ძველს, ოდესღაც პოპულარულ ფილმს, ერთ–ორ ნაცნობ სახეს ათამაშებ, სპეცეფექტებით გაძეძგავ და პროდუქტიც მზადაა.

2010 წელს უკვე გამოვიდა რამდენიმე ძალიან ცუდი ფილმის რიმეიკი. უპირველეს ყოვლისა Alice in Wonderland და Robin Hood მინდა აუგად მოვიხსენიო. ტიმ ბარტონი ადგა და კეროლის პერსონაჟები 3D ფორმატში კინომოყვარულების თვალწინ გააუპატიურა. ალისა კინო მოკლებულია ყველაფერ იმას რაც ლუის კეროლის გენიალურ წიგნს აქვს. არც მაგიურობა, არც ბრწყინვალე ატმოსფეროს შეგრძნება, პერსონაჟების მიმზიდველობაც დაკარგულია. ფილმი არის ვინმე ალისაზე რომელსაც კრიტიკული დღეები აქვს და ჯონი დეპის ცანცარით ტკბება. დიახ ცანცარი არის ყველაზე თავშეკავებული გამოხატულება იმისა, რასაც დეპი ეკრანზე აკეთებს. მისი ერთ–ერთი ყველაზე საშინელი როლია მედჰეთერი. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჯონი კაპიტანი ჯეკ ბეღურას როლშია დარჩენილი ან ბარტონმა თხოვა იქ დარჩენილიყო. მოკლედ ფილმი ნაგავია. ჩეშირის კატაც კი ბანძია. ამ ფილმის ნახვას წინა საუკუნის დასაწყისში დისნეის გენიალური მულტფილმით ტკბობა ჯობია. აი იქ სულ სხვა კაიფი აქვს ყველაფერს, სიტყვა კაიფის ყველანაირი გაგებით.

როგორ შეიძლება “რობინ ჰუდი” დახასიათება?! რიდლი სკოტი დაბერდა. სკლეროზი აქვს და ეგონა “ზეციური სამეფოს” გაგრძელებას იღებდა. რასელ ქროუს პერსონაჟს რობინ ჰუდთან სახელის გარდა იმდენივე აქვს საერთო, რამდენიც კუპატის დამზადების ტექნოლოგიასთან. მეზარება ამ ფილმზე წერა. ქეით ბლანშეტის გარდა ყველაფერი ყარს ფილმში :სცენარი, ქროუ, რეჟისურა.

ამ ორი “დიდებული”  რიმეიქის გარდა Karate Kid, Clash of the Titans,  Nightmare on Elm Street, Wolfman, Crazies, და Predators გამოვიდა წელს.

ფრედი კრუგერის განახლებული თავგადასავალი და “მე ედრიან ბროუდის ვიხმარ” მტაცებლები არ მინახავს(ჯერ–ჯერობით). დანარჩენი ყველა ფილმი ცუდი იყო.

კარატისტი პაცანი არაფრისმომცემი  90 წუთი. გადაღეჭილ, მონელებულ, ფეკალიად ქცეული სიუჟეტით. ეს არის ფილმი სადაც ყველა დიალოგი predictable არის. ერთადერთი რამაც ფილმში გამხარა არის ის, რომ დავრწმუნდი უილ სმიტს ნიჭიერი ბიჭი ჰყავს.

“ტიტანთა ჯახის”  სცენარი სავარაუდოდ 14 წლის ბავშვებმა დაწერეს. გარდატეხის ასაკში მყოფმა ჩუკენებმა. ღმერთების ომზე ფილმზე რომ ოცნებობდნენ, თან მაგარი ნაშა რომ უნდათ ფილმში. სამწუხაროდ ეს “ბავშვები” მითოლოგიის ცოდნით ვერ დაიკვეხნიან. ჯინი და კრაკენი ოლიმპოს ღმერთებთან და ბერძნულ მითოლოგიასთან ისეთვე სასაცილოა, როგორც ფილმის დასასრული და სემ უორინგტონის პერსონაჟის დებილური(მთელი ფილმი თან) საუბარია.

ჯო ჯონსტონმა კაპიტან ამერიკაზე უნდა გადაიღოს ფილმი და უკვე მეშინია. “ადამიანი მგელი” ისეთი უსულო ნამუშევარია, რომ სტივ როჯერსიც არ მიაფუჭოს ამ რეჟისორმა.  ფილმში ძალიან მაგარი ატმოსფეროა, იგრძნობა რომ სადღაც ახლოს მაქცია დაძრწის, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი უგემოვნოდაა გაკეთებული. არადა შესაშური სამსახიობო ანსამბლი ჰყავდა რეჟისორს. ბენისიო დელ ტორო, ენტონი ჰოპკინსი, ემილი ბლანტი და ჰიუგო იუინგი. ფილმი კიდევ 100 წუთიანი წვალებაა.

“შეშლილნი” ყველაზე ნორმალური ფილმია ამ სიაში.  კარგი დასაწყისი აქვს. წარმოიდგინეთ ქალაქში ნელ–ნელა ყველა როგორ გიჟდება და ზომბის მსგავს საშინელებად იქცევა. რომ არა საშინელი ფინალი და ბოლოსკენ რამდენიმე ჩასვრილი სცენა ფილმი კარგი იქნებოდა, სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა.

2) იმედგაცრუებები

ყოველ წელს უამრავი რეჟისორი, მსახიობი, ფილმი მიცრუებს იმედს. ხანდახან ტრეილერი არის გასაგიჟებელი და შემდეგ ფილმი ნაგავი, ხან არცერთი არაფრად არ ვარგა. შევეცდები მოკლედ 2010 წლის პირველი ნახევრის ყველაზე დიდ იმედგაცრუებებზე დავწერო.

Shrek Forever After – სად გაქრა ის ყველაფერი რისთვისაც შრეკი, ფიონა, ვირი, კატა, ჯინჯი ან პინოქიო მიყვარდა? ძალიან დამწყდა გული მეოთხე, დასკვნით შრეკზე.მიმაჩნია რომ ფრენჩაიზის მეორე ნაწილი არის სანიმუშო მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს მულტფილმი. კარგი ანიამცია, დიდებული პერსონაჟები, ძალიან სასაცილო სცენარი და სუპერ სიუჟეტი. შრეკი 2 დღემდე ჩემი ერთ–ერთი უსაყვარლესი მულტფილმია. “სკოტი” ნამდვილად არ იმსახურებდა ასე გაუბედურებას მეოთხე ნაწილით.

Last Airbender – შამალანი მეზიზღება.  ერთ–ერთი უნიჭიერესი რეჟისორი წლების მატებასთან ერთად ერთ–ერთი უპრეზერვატივესი გახდა. მისი ფილმები წინ წასვლის ნაცვლად, სულ უფრო ემსგავსება ვარსიმაშილის ნამუშევრებს.

Percy Jackson & The Olympians – ვიფიქრე ახალი პოტერი მოევლინება ქვეყანასთქო. მაგრად შევცდი. საშუალოზე დაბალი დონის ფენტეზია პერსი ჯექსონის თავგადასავალი.

Legion – ახალ კონსტანტინს ველოდი. პოლ ბეტანი ყველაზე ახლოს დგას ჯონ კონსტანტინის ტიპაჟთან(კომიქსებს ვგულისხმობ) და გამიხარდა როცა მისტიკური ჟანრის ფილმში თამაშს დასტანხმდა. აღმოჩნდა რომ ჯობდა უარი ეთქვა. ამ ფილმის ცქერაზე უკეთესია ჩრდილოეთ კორეის საფეხბურთო ნაკრების ვარჯიშის ვიდეოჩანაწერის ყურება.

Daybreakers – ეს იმ ფილმთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ჯობდა ტრეილერად დარჩენილიყო. ძალიან კარგი ტრეილერი, რომელიც ვამპირებზე სიანტერესო ფილმს გვპირდებოდა და სამწუხაროდ სრულმეტრაჟიანი ფილმი.

Repo Men – ამ ფილმზე საუბარი არც მინდა.  OLDBOY და Brazil მოსწონს ამის რეჟისორს,ეს არის ერთადერთი კარგი რისი თქმაც ფილმზე შემიძლია.

Greenberg – ორჯერ ვნახე. ერთი სანამ ფილმის რეჟისორს ნოა ბაუმბახის შეყვარებამდე და ერთი შეყვარების შემდეგ. გული მწყდება რომ ბაუმბახის ფილმია ეს უაზრობა.

3) ნათელი წერტილები

საბედნიეროდ რამდენიმე კარგი ფილმი გამოვიდა 2010 წელს, რომლებმაც შემინარჩუნეს ადამიანობა :დ

Iron Man 2 –  ყველაფერი საჭირო დოზით იყო ფილმში. მადლობა ფავროს რომ არ გააფუჭა პირველი ნაწილის შემდეგ ფილმი.

How to Train Your Dragon – ძალიან მაგარი მულტფილმი დრიმუორკისაგან. შესანიშნავი ფინალით და 3d იქსპირიენსით.

Shutter Island – სკორსეზემ იმდენი ქნა, რომ მეგობრები ორ ნაწილად “გაგვხლიჩა”. ძალიან დიდიხანს ვმსჯელობდით ფილმის ფინალზე და ვერაფრით ვერ შევთანხმდით. ლეონარდო დი კაპრიოს დიდებული წელი აქვს. მარტინ სკორსეზე კი ისევ ის მამაძაღლია რაც იყო.

Knight & Day/Kick-Ass/Get Him to the Greek/Date Night

მშვენიერი კომედიები. სხვადასხვა სტილში გადაღებული, აბსოლუტურად განსხვავებული სიუჟეტით და იუმორით, მაგრამ საერთო ნიშნით – გემოვნებით გაკეთებული.

P.S

კინო ზაფხული დასასრულს უახლოვდება და ერთადერთი ადამიანი ვისაც შეუძლია გადაარჩინოს  სეზონი არის კრისტოფერ ნოლანი და მისი Inception(22 ივლისიდან ჩვენს კინოთეატრებში). ამ ფილმზე ახლა არაფერს არ დავწერ, ისედაც ძალიან დიდი პოსტი გამომივიდა. ჟურნალ “ტაბულას” ორშაბათის ნომერში იქნება ჩემი პრევიუ და შეგიძლიათ წაიკითხოთ. მხოლოდ ერთს ვიტყვი ეს ფილმი კინოთეატრში უნდა ნახოთ.

Advertisements